პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გაეროს გენერალური მდივნის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების და ირაკლი კობახიძისთვის კვლავ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ მილოცვას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ რადიკალები, მხოლოდ დავით დოიაშვილის გასტროლების იმედადღა არიან დარჩენილები.
“ევროსაბჭო” არაფერს წარმოადგენსო და რა ვიცი, იმედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც არ ჩამოწერენ, ჩვენი უსამშობლოები… კეზერაშვილის ნაყიდი, ჯო უილსონის იმედად, რომ საზღვრებს გარეთ იქნებით და ლორა თორნტონის სტიპენდიატ ზურაბიშვილის, საზღვრებს შიგნით, მაგიტომ ხართ დარჩენილი დოის გასტროლების იმედად. სადაც არ უნდა გათხაროო – სალომემ და რომ დაუჯერეთ, მაგიტომ დარჩით უილსონის განცხადებების “გათხრის” ამარა!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.
შეგახსენებთ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა.
„თქვენო აღმატებულებავ, მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად.
ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავლის პაქტში ასახული პრინციპები და იმავდროულად ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ვემხრობი ამ მიზნებისადმი ერთგულების განახლების იდეას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. წარმატებებს გისურვებთ თქვენი მოვალეობების შესრულებაში!
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური” – ნათქვამია ანტონიო გუტიერეშის მილოცვაში.