დედაქალაქის მერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიერ შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ის წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდება.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად ბევრი შანტაჟისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, ბიძინა ივანიშვილი სიმართლეს მაინც დაამტკიცებს.
„ვიცით, რომ სასამართლო დავა Credit Suisse-თანაც იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ ბანკთანაც წამოწყებული დავა მისი გამარჯვებით დამთავრდება. როდესაც მართალი ხარ და სიმართლე შენს მხარესაა, გამარჯვებას ყოველთვის მიაღწევ. შეიძლება ამ გზაზე ხელის შემშლელი ფაქტორები, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები და შანტაჟები იყოს, თუმცა, საბოლოოდ სიმართლეს დაამტკიცებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.