ის დავა რაც დღეს ხდება ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს “Julius Baer”-ს შორის, არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა ამხილა გლობალური ომის პარტია, მაშინვე დაიწყო ბანკის მხრიდან პრობლემების შექმნა, რასაც დაემატა საერთაშორისო მედიის მხრიდან ინფორმაციის გავრცელებაზე დაწესებული შეზღუდვა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როცა “გლობალური ომის პარტია” თითქმის სრულად აკონტროლებს ევროპას, საქართველოს დიდი არჩევანი არ რჩება, ვინაიდან, რომ არა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში შენარჩუნებული კეთილდღეობა, უკრაინის ბედს გავიზიარებდით.
“კიდევ ერთხელ განვმეორდები, ის დავა რაც დღეს ხდება ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს “Julius Baer”-ს შორის, არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკური გადაწყვეტილება. როგორც კი ივანიშვილმა ამხილა გლობალური ომის პარტია ანტიქართულ და ანტიევროპულ ქმედებებში, ზუსტად მაშინ დაიწყო მის მიმართ ფინანსური პრობლემები ბანკის მხრიდან, რასაც დაემატა შეზღუდვა საერთაშორისო მედიის მხრიდან. ამ საქმის კომიკურობა კი ის შემოთვლაა ბანკის მხრიდან, რომ ინფორმაციის გასაჯაროებისგან იკავებენ თავს სასამართლო განხილვამდე, არა და აქსიომაა, რომ ყველა მედია ნადირობს ექსკლუზიური მასალის მოპოვებაზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კონკრეტულ ევროპულ ქვეყნებში მედია, პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი და თვით ევროპარლამენტი გლობალური ომის პარტიის კონტროლის ქვეშაა. თუ გავიხსენებთ, იდენტური ქმედება განხორციელდა მეორე შვეიცარიული ბანკის “Credit Suisse”-თან მიმართებაშიც, რამაც მისი ჩამოშლა გამოიწვია, რაც გლობალური ომის პარტიის ინტერესში იყო, ისევე როგორც “ურჩი” ივანიშვილისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა. დღეს ომის პარტია აკონტროლებს ევროპას, გარდა უნგრეთის და სლოვაკეთისა. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს არჩევანი ცუდს და უარესს შორის, ჩვენი არჩევანი არის ან საქართველოს სუვერენიტეტი ან განადგურება. დღეს, რომ არა მოქმედი ხელისუფლება, რომელსაც კბილებით უჭირავს ქვეყნის კეთილდღეობა, გავიზიარებდით უკრაინის ბედს, ეს კი საქართველოს გაქრობაა მსოფლიო რუკიდან.” – წერს ნინო ფოჩხუა.