ბანკი, რომელიც კეთილსინდისიერ კლიენტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უხარვეზოდ ემსახურებოდა, ქცევის ცვლილებას იწყებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და „გლობალური ომის პარტიას“ ანტიქართულ და ანტიევროპულ ქმედებებში ამხელს, – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
შათირიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის Julius Baer-ის მიერ შექმნილ პრობლემებს მედიის შეზღუდვა დაემატა, ვინაიდან, ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიულ ბანკთან დაკავშირებული ინფორმაცია უკლებლივ ყველა მედიასაშუალებამ დაბლოკა.
„პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ იწყება. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ „საბანკო პრობლემებს“ უკვე მედიის შეზღუდვა ემატება. ადვოკატ ლაშა კალანდაძის განცხადებით, მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ სხვადასხვა ევროპულ მედიასივრცეში გაშუქებულიყო მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული საინფორმაციო მასალა, თუმცა, უკლებლივ ყველა მედიასაშუალებამ მასალის გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა. კიდევ უფრო სასაცილო და კომიკურია მიზეზი – ადვოკატებს შემოუთვალეს, რომ რადგან ჯერ სასამართლო პროცესები არ დაწყებულა, ისინი თავს შეიკავებენ ბანკსა და კლიენტს შორის წარმოქმნილი დავის დეტალების განხილვაზე. უცნაურია არა? წესით, მედია სწორედ ექსკლუზიური ინფორმაციის მოპოვებით უნდა იყოს დაინტერესებული, რათა სხვაზე ადრე გაავრცელოს ამა თუ იმ საქმეზე საინტერესო დეტალები, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით აღმოჩნდა – ერთი ხელით მართულმა უკლებლივ ყველა ევროპულმა და სხვა საერთაშორისო მედიაგამოცემამ ერთი ხელის მოსმით დაბლოკა ინფორმაცია. პრინციპში, გასაკვირი და ახალი ამაში არაფერია – ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ კონკრეტულად ამ ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების უდიდეს ნაწილში მედია, პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, ევროპარლამენტი… ყველაფერი გლობალური ომის პარტიის კონტროლის ქვეშ არის. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს შეფასება გადაჭარბებულია, ან ევროპული მედიის ტოტალური კონტროლი ვინმეს ილუზიაა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია სცადოს ფაქტებსა და ქრონოლოგიაზე დაყრდნობით შედგენილი სტატიის გამოცემა…“ – წერს ზაზა შათირიშვილი.