ინაუგურაციის დახურულ სივრცეში გადატანის შესახებ გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ამერიკელებს, ვისაც ინაუგურაციაზე დასწრების სურვილი მაინც აქვთ, თბილად ჩაცმისკენ მოუწოდა.
„პროგნოზის მიხედვით 20 იანვარს ვაშინგტონში ჯანმრთელობისათვის სახიფათო ყინვაა მოსალოდნელი. არ მსურს ვინმემ ამის გამო ზიანი ან რაიმე სახის ტრავმა მიიღოს. სახიფათო პირობებია ასობით ათასი მხარდამჭერისთვის, ათობით ათასი სამართალდამცავისთვის, საგანგებო სამსახურის თანამშრომელთათვის, პოლიციის ძაღლებისა და ცხენებისთვისაც კი. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით“ , – წერს ტრამპი.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება. მიზეზად ამინდის პროგნოზი სახელდება, რომლის მიხედვითაც 20 იანვარს ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. ტრამპის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება. მედიის ცნობით, ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც კონგრესში გაიმართა, რეიგანი იყო. 1985 წელს ცერემონიის დახურულ სივრცეში გამართვა მაშინაც უამინდობის გამო გადაწყდა.