პოლიტიკა

რიკარდ იოზვიაკი – ევროკავშირის მხრიდან სავარაუდოდ არ განხორციელდება კოორდინირებული ზეწოლა, რათა საქართველოში ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები

ევროკავშირის მხრიდან სავარაუდოდ არ განხორციელდება კოორდინირებული ზეწოლა, რათა ხელახლა ჩატარდეს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს სტატიაში, რომლის სახელწოდებაა „რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან 2025 წელს“.

როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, ევროკავშირში ჯერაც არა აქვთ ერთიანი პოზიცია, როგორ უნდა მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებით.

„თითქმის დანამდვილებით რაც ვიცით, არის ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინული დარჩება. ევროკავშირში ჯერაც არა აქვთ ერთიანი პოზიცია, როგორ უნდა მოიქცნენ თბილისთან მიმართებით, რომელსაც მმართველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დემოკრატიის უკანდახევაში ადანაშაულებენ. მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ადამიანებზე სანქციების დაწესებაზე, როგორც ეს აშშ-მა გააკეთა, კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა მიმდინარეობს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საკმაოდ სიმბოლური პროცესი. სავარაუდოდ არ განხორციელდება კოორდინირებული ზეწოლა, რათა ხელახლა ჩატარდეს 2024 წლის ოქტომბრის კონტროვერსიული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ფართოდ გააკრიტიკეს, როგორც არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ამის დასადასტურებლად, ნახეთ სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება, რომელიც 29 დეკემბერს გააკეთეს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეს ტოვებდა. როგორც წესი, ღიად და პირდაპირ მოლაპარაკე პოლიტიკოსებმა განაცხადეს: „საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი და საზოგადოების ნდობის აღდგენა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის, ეუთო-ს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ახალი არჩევნების შესაძლებლობის გათვალისწინებით“. ბრიუსელში ახლა მიიჩნევენ, რომ საქართველო აღმოჩნდება თურქეთის მსგავს მდგომარეობაში – ოფიციალურად ევროკავშირის კანდიდატია, რომლის წევრობის გზაც არსებითად გაყინულია“, – წერს რიკარდ იოზვიაკი სტატიაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,924,737 ნახვა