საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის ეროვნულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების მთავარი სამართლებრივი საყრდენის – ასოცირების შეთანხმების შესრულებით, ხელისუფლებამ ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციისთვის მყარი საფუძველი შექმნა.
„ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ევროინტეგრაციისკენ სვლა და ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ, ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების მთავარი სამართლებრივი საყრდენის – ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, რამაც შექმნა მყარი საფუძველი ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
ჩვენი გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დროებით არ დადგეს დღის წესრიგში, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს ან არ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ არ დავუშვათ ამ თემის გამოყენება შიდა პოლარიზაციისთვის და იმ ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელთა მოქმედებებიც საქართველოში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც ევროპისთვის, ასევე ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით უკრაინაში რუსული აგრესიისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ე.წ. „შუა დერეფანში“. მეორეს მხრივ, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგული პარტნიორები, სანდო პარტნიორები და ვასრულებთ ყველა პირობას, რაზეც შეთანხმებულები ვართ”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნისთვის მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ჩვენ არ ვართ მარტივ სიტუაციაში, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება ჩვენს რეგიონში. ჩვენ ჯერ კიდევ ორი ოკუპირებული რეგიონი გვაქვს რუსეთის მიერ, ჯერ კიდევ სამხედრო შენაერთებია განლაგებული და საფრთხე არ არის ვირტუალური. ეს ძალიან რეალურია და ამიტომაც ძალიან ფრთხილად ვუდგებით ბევრ საკითხს, რათა არ შევიდეთ ისეთ სიტუაციაში, რამაც შეიძლება ეგზისტენციალური პრობლემები და გამოწვევები შექმნას.
მშვიდობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმე ომი გამოვიარეთ და ჯერ კიდევ გვყავს თბილისში მცხოვრები დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან. ეს არის ღია ჭრილობა ქართული საზოგადოებისთვის. მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გაიგოს, რატომ გვამოძრავებს ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების შენარჩუნების მტკიცე სურვილი. „ქართული ოცნების“ მთავრობა უკვე 12 წელია ხელისუფლებაშია, და რუსეთის სასარგებლოდ მიღებულ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ დაასახელებთ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი.
„მე ვიტყოდი, რომ, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან, როდესაც საკითხი ეხება საქართველოში მომხდარი მოვლენების შეფასებას ან საქართველოსა და სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედარებას. შედეგი ძალიან ნათელია – არჩევნებში ორ მილიონზე მეტმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და დაახლოებით 1,2 მილიონმა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. ამ ხელისუფლებას აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ბოლო არჩევნების შედეგის ეჭვქვეშ დაყენების რეალური მიზეზი არ არსებობს. არავის სურს დაინახოს როგორ ხდება სიტუაციის ესკალაცია და ვინ უწყობს ამას ხელს. ხშირად ვხედავთ ცალმხრივ შეფასებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქმნის არასწორ წარმოდგენას საქართველოსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანა, ვისთანაც წლების მეგობრობა გვაკავშირებს, საბოლოოდ, დაუბრუნდება მეგობრულ ურთიერთობას და დაველოდებით ამ მომენტს. სტრატეგიული მოთმინება არის ჩვენი მთავარი პოლიტიკა, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებთან ურთიერთობას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.