აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში კიტ კელოგმა საკუთარი ვიზიტი კიევსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადადო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კელოგი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად ემზადება, იანვრის დასაწყისში კიევში უნდა ჩასულიყო და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაემართა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვიზიტის თარიღიც იყო დაზუსტებული.
როგორც სააგენტო იუწყება, კელოგის გუნდი პარიზსა და რომში ჩასასვლელადაც ემზადებოდა, რათა საფრანგეთის და იტალიის ლიდერებთან გაემართათ შეხვედრები.
უკრაინული მედია, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ კელოგის მიერ მოლაპარაკებების გამართვა უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებების წარმომადგენლებთან იანვრის დასაწყისში ეწინააღმდეგებოდა „ლოგანის კანონს“, რომელიც აშშ-ში 1799 წლიდან მოქმედებს და ამერიკის მოქალაქეებს, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვთ, უკრძალავს აწარმოონ მოლაპარაკებები უცხო ქვეყნის ოფიციალურ პირებთან აშშ-ის სახელმწიფო ინტერესების საკითხებზე.
ამ კანონის დარღვევა დღესაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით. სავარაუდოდ, ეს გარემოება გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, ვინაიდან კელოგი ჯერ ოფიციალურად ამ თანამდებობას არ იკავებს. ვარაუდობენ, რომ კელოგი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ჩავა უკრაინაში.