პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე – სანქცია საკმაოდ მძიმეა, მაგრამ არის გამონაკლისებიც, მაგალითად, არ ეხება ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებს

სანქცია საკმაოდ მძიმეა, საუბარია, როგორც აქტივების, ისე ტრანზაქციების დაბლოკვაზე, მაგრამ მე რაც ვნახე არის გამონაკლისებიც, მაგალითად, არ ეხება ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ყველაფერი რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის დამსახურებაა.

„მნიშვნელოვანია რა ტიპის სანქცია გამოიყენეს: ეს არის ამერიკის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება, რომლის სათაურიც არის „რუსეთის საგარეო საზიანო ქმედებების შესახებ“, მიბმულია რუსეთის ამბავს. კონკრეტული მუხლი, რომელიც გამოიყენა ბლინკენმა, ეხება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას.

სანქცია საკმაოდ მძიმეა, საუბარია, როგორც აქტივების, ისე ტრანზაქციების დაბლოკვაზე, მაგრამ მე რაც ვნახე (შეიძლება ვცდებოდე) არის გამონაკლისებიც, მაგალითად, არ ეხება ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებს, რაც სიგნალია და უტოვებს ერთგვარ „გასასვლელს“, მე ეგ განცდა დამრჩა, რომ შეიძლება,  უფრო გამწვავდეს და გაიზარდოს სანქციის სიმძიმე.

„ქართული ოცნების“ შიგნით რომ ვიყო, სერიოზულად შემეშინდებოდა – რა შედეგები შეიძლება, ამას მოჰყვეს. ივანიშვილს თუ მიადგნენ, ნებისმიერთან მივლენ და დაასანქცირებენ. არ მგონია, მათგან ვინმეს უნდოდეს, საკუთარმა შვილებმა გროზნოში იარონ და პეტერბურგში ისწავლონ, ეს ხალხი ფულს იმიტომ აკეთებს, რომ დასავლეთში გაერთოს, დაისვენოს და შვილებს იქ მიაღებინოს განათლება.

სანქციის შინაარსია, რომ განდეგილი და გარიყული ხდები, არავინ ხელს არ ჩამოგართმევს, საქმეს არ დაიჭერს და ფოტოს არ გადაიღებს შენთან ცივილიზებულ ქვეყანაში.

ყველაფერი აქ, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის დამსახურებაა, თუ ჩვენ აქ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენ გვაქვს დასავლეთის მხარდაჭერა, თუ არა – ჩვენს გარეშე ჩვენს ომს არავინ იომებს. პრინციპული საკითხია, რომ აქცია გრძელდება და განწყობაც ისეთია – გაგრძელდება გამარჯვებამდე“, – წერს ჯაფარიძე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,919,834 ნახვა