ჩვენთვის ერთადერთი, რაც არის საინტერესო, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ასე ვმოქმედებდით სამი წლის განმავლობაში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ საქართველო დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში ორჯერ შეცვალეს გარედან ხელისუფლება.
„იმ ძალებს, რომლებმაც ეს გააკეთეს, არ აუღიათ პასუხისმგებლობა უკრაინის ბედზე და პირიქით, ამ წლების განმავლობაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში და უფრო მეტიც, 10 წლის განმავლობაში, 2013 წლიდან მოყოლებული, უკრაინა განადგურებისთვის გაწირეს. ეს არის რეალური მოცემულობა. საქართველომ თავი გადაირჩინა. დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც გამოცხადებული იქნა, არის ბიძინა ივანიშვილის ჯილდო და საქართველოს ჯილდო ამ ქვეყნის გადარჩენისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.