აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძემ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ მაშინ როცა წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის ტერორი ხდებოდა, დღეს ყველა მეწარმეს თუ ბიზნესკომპანიას ძალიან ღიად და თავისუფლად შეუძლია დააფიქსიროს თავისი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდექსი.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციასთან აფილირებული მედია საშუალებები, ასევე თავად ოპოზიციის პარტ-აქტივი აგრძელებენ ბიზნესზე ზეწოლას ბულინგის მეშვეობით.
„ერთი ძალიან მარტივი და თვალსაჩინო რამ მინდა გითხრათ და ვუთხრა ოპოზიციას, რომელიც დარბაზში არ არის. ამ მოვლენებიდან გამომდინარე ვხედავთ ყველა მეწარმეს თუ ბიზნესკომპანიას ძალიან ღიად თავისუფლად შეუძლია დააფიქსიროს თავისი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს არის დემოკრატიის და დემოკრატიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდექსი ამ ქვეყანაში და მინდა ამის შესახებ დაფიქრდეს ოპოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში კითხულობდა, მათ შორის საერთაშორისო ანგარიშებს და ჩვენს დარბაზშიც არის იმ წლებში დაზარალებული ოჯახები, ბიზნესი, რომელიც შუა ღამით თითქოს ნოტარიუსებით, თითქოს თავისუფალი ნების გამოვლენით თავიანთ საკუთრებას, რომელიც ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, სახელმწიფოს ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს საჩუქრად აძლევდა. მინდა ყველამ კარგად დაინახოს ამავდროულად იმ ბიზნესის მიმართ, როგორც ოპოზიციასთან აფილირებული მედია საშუალებების, ასევე თავად ოპოზიციის პარტ-აქტივის უწყვეტი ბულინგი და სხვადასხვა ტიპის კამპანიები სოციალურ ქსელებში იმ ბიზნესის წინააღმდეგ და გარკვეული შავი პიარის აგორება, რომლებიც ღიად არ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს, რომელიც შედის ოპოზიციის ინტერესებში. ძალიან თვალსაჩინოა ყველაფერი რაც ჩანს ამ მიმართულებით და ესეც კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, რომ არის დემოკრატიის ინდექსი, როცა ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.