გრძელდება ცხოვრება, გრძელდება ეკონომიკური განვითარებაც და ინსტიტუტები მუშაობენ ამ ქვეყანაში, ახლა თქვენ რაც არ უნდა ილუზიები შექმნათ და სალომე ზურაბიშვილმა ჩავლით ირბინოს – ხალხი რომ არ დახვდება პარლამენტთან ბევრი, განაწყენდება, ჩავიარე, გავაგრძელე გზა და ამიტომ არ დავრჩიო. აქციაზე ხალხი არ იყო ბევრიო, იმას კი არ ამბობს, – მიმართა ოპოზიციური მედიის ჟურნალისტს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
იგი გუშინ გამართულ აქციას და სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ პოსტს გამოეხმაურა.
„ხალხი აქციებზე აღარ მიდის, მუხტი დაეცა და ბევრი პროფესია უნდა ყოფილიყო. ჩემს პოსტში სიმბოლურად იყო ნათქვამი 48-ც და 1500-ც. 1 500 იყო, თუ 1 950 ამას ვერავინ დათვლის, მაგრამ რადგან ცოტა ხალხი იყო, შეეცადნენ, პროფესიებით გაებევრებინათ. შემდეგ იყო ამ რაოდენობაზე იმდენად პანიკა და წუხილი, რომ ჩემს პოსტზე იყო შემოსევა. წარმოიდგინეთ, პოსტის ადმინები გვეუბნებოდნენ, რომ ამდენი „ნაცი“ ერთ პოსტზე ჯერ არ ყოფილაო.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაგიწუნათ ხალხის რაოდენობა და კი არ დარჩა, ჩაიარა და წავიდა. იმის თქმა მინდა, რომ ამ დეტალებში, აი, ამ სასაცილო ვითარებაში იგდებენ თავს. ძალიან მაინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, აი, „კარწინკა“, როგორც თქვენ გიყვართ-ხოლმე თქმა, როგორ ჩაებღაუჭება თავის სკამს, არ გაუშვებს ხელს და ვიღაცამ თითები უნდა ააწევინოს, სკამს ხელი რომ გაუშვას. აი, ამ მდგომარეობაში იგდებს თავს, იმდენად მძიმე ემოციური ფონი აქვს მას“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.