ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა საპრეზიდენტო არჩევნებში კოლეგიის წევრების მიერ ხმის მიცემის პროცედურა.
როგორც კალანდარიშვილმა განაცხადა, 14:00 საათამდე გაგრძელდება ხმის მიცემა კოლეგიის წევრების მიერ და, შესაბამისად, სწორედ ამ დრომდე შეუძლიათ მათ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.
„საარჩევნო კოლეგიაში განახლდა მონაწილეთა რაოდენობა. დღევანდელი კენჭისყრა პირდაპირი ეთერის მეშვეობით გადაიცემა და საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, თვალი მიადევნოს აღნიშნული პროცესის მიმდინარეობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დილის 09:00 საათიდან დღის 14:00 საათამდე საარჩევნო კოლეგიის წევრს აქვს შესაძლებლობა, გამოცხადდეს და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამ ეტაპზე ვისი გვარებიც იქნა ამოკითხული, თუ არ იმყოფებოდნენ ისინი სხდომათა დარბაზში, მათ 14:00 საათამდე, ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, გამოცხადდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, კალანდარიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ხმის მიცემის პროცესი დასრულდება, ცესკო დაითვლის შედეგებს, შეადგენს შემაჯამებელ ოქმს და წარუდგენს საზოგადოებას.
„კენჭისყრის დასრულების შემდეგ ცესკო შეიკრიბება, გამართავს სხდომას, სადაც განხორციელდება შედეგების დათვლა და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის შედგენა. შემდეგ ისევ შევიკრიბებით სხდომათა დარბაზში და საზოგადოებას გავაცნობთ შედეგებს“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს.
საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.