სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაკვირვების ქვეშ ჰყავს, მათ შორის ის ჯგუფებიც, რომლებსაც ბოროტი ზრახვები უტრიალებთ თავში და როგორც კი ეს ზრახვები ორგანიზების ფაზაში გადავა, იმ მომენტშივე იქნება აღკვეთილი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტიანად მუშაობს და არ დაუშვებს ქვეყანაში ქაოსს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმიტომაც გააკეთა საჯაროდ ეს განცხადება, რომ ბევრ რამეს აკვირდება და ხედავს. დაკვირვების ქვეშ ჰყავს, მათ შორის, ჯგუფებიც, რომლებსაც ასეთი აზრები უტრიალებს. ჩვენთან არათუ შიდა ამრევებმა, გარე ამრევებმაც კი აი ამ წლების განმავლობაში მაშინ, როდესაც ჩვენ გარშემო ომების ცეცხლია და კონფლიქტების ცეცხლია, ერთი რაიმე დაძაბულობაც კი ვერ შექმნეს და ერთი რაიმე პროვოკაციაც კი ვერ რეალიზირდა. ეს აჩვენებს, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს წინასწარი საჯარო განცხადებაც ემსახურება იმას, რომ საჯაროდ უთხრას მათ ვის შესახებაც უსაფრთხოების სამსახურმა კარგად იცის, რომ შეეშვან ამაზე ფიქრსაც კი, ვინაიდან ყველას, ვისაც ასეთი ბოროტი ზრახვები აქვს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებიდან დაკვირვების ქვეშ და, რა თქმა უნდა, როგორც კი ეს ზრახვები გადავა ორგანიზების ფაზაში იმ მომენტშივე იქნება აღკვეთილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.