მამუკა ხაზარაძის ბიძაშვილი, ბიზნესმენი კახა ხაზარაძე, რომელიც საქართველოში რამდენიმე მსხვილი ბიზნესის წილის მფლობელია, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, მისი კომპანიის თანამშრომლები არ გაფიცულან. მისივე განცხადებით, ერთი და ორი კომპანიის გაფიცვა შედეგს ვერ გამოიღებს და ამ კუთხით, ბიზნესს ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს.
„მარტივი პროცესი არ არის. თქვენ ნახეთ, საკმაოდ დიდი დრო და ენერგია დასჭირდა, რომ ერთიან პოზიციაზე ბიზნესს საერთო განცხადება გაეკეთებინა. აქედან გამომდინარე, დრო სჭირდება, რომ იგივე ერთიანი ოპოზიცია იყოს.
თუ ერთი და ორი კომპანია გაიფიცება, ამას შედეგი არ ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს ამისთვის მზად. ახლა მიდის ერთმანეთთან საუბარი და მოკლე პერიოდში რაღაც შედეგს გამოიღებს.
გეგმაში გვაქვს, ჩვენ რაც შეიძლება მკაცრი ვიყოთ იმ არასწორი ნაბიჯების მიმართ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. მარტო მე ვერაფერს გავაკეთებ, ამიტომ ვცდილობთ, რომ საერთო აზრი შევაჯეროთ ბიზნესმა და ერთიანად მივუდგეთ“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბარში კახა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ლელოს“ ლიდერმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა და თქვა: „ბიზნესს აქვს უამრავი ბერკეტი იმისა, რომ გაიფიცოს, გამაფრთხილებელი გაფიცვა გააკეთოს, ბოლოს და ბოლოს, გადასახადებიც კი შეაჩეროს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ორგანიზებულად“.