პოლიტიკა

თავისი პასუხისმგებლობა აქვს მედიას, უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრის მიმღებლობა, დებატები. პოლიტიკოსები უნდა ისხდნენ და ერთმანეთს ერთმანეთს სიმართლეს პირდაპირ ეთერში უმტკიცებდნენ. ამიტომ არის, რომ მოქალაქის დონეზე საქმის გარკვევა მუშტებით მიდის

სახელმწიფომ უნდა დაუპირისპიროს ძალიან ეფექტური გამოძიება იმას, რაც დღეს საღამოს ვნახეთ, ყველა პირი პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული, 90-ან წლებში დავბრუნდით?! როდესაც ვიღაცები დადიან და ადამიანებს უსწორდებიან, ანგარიშს უსწორებენ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მაკა ცინცაძის გადაცემა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეფექტური გამოძიება უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც სახელმწიფო იქნება და არც სხვა რამე.

„სამწუხაროდ, მშვიდი საღამო არ არის, ყველამ ძალიან ცუდი კადრები ვიხილეთ, როდესაც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, როგორ უსწორდებოდნენ არაფორმალური დაჯგუფებები. რასთან გვაქვს საქმე, 90-ან წლებში დავბრუნდით?! როდესაც ვიღაცები დადიან და ადამიანებს უსწორდებიან, ანგარიშს უსწორებენ. სახელმწიფომ ამას უნდა დაუპირისპიროს ძალიან ეფექტური გამოძიება და ყველა ეს პირი პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული. სხვანაირად, მაშინ ჩავთვალოთ, რომ სახელმწიფო არ გვექნება, თუ ყველა ერთმანეთს გადაუარა და აკეთა ის, რაც მოუნდა, მივალთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ომამდე. ეს უკვე გამოიარა ამ ქვეყანამ. მთელი საზოგადოებაა აღშფოთებული იმით, რაც ვნახეთ. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის, რომელი ტელევიზიაა, რას ლაპარაკობს, ადამიანი თავისთვის მიდიოდა ქუჩაში და ფეხებით შედგნენ, ფეხები იწმინდეს. ამის არგამოძიება, თვალის დახუჭვა, მიყრუება, უარეს შედეგამდე მიგვიყვანს. აუცილებელია, ყველაფრის ეფექტური გამოძიება, ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი, სხვანაირად ჩვენ არც სახელმწიფო ვიქნებით და არც არაფერი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მსგავს ინციდენტებზე პასუხი თუ არ იქნება გაცემული, საზოგადოებაში დაძაბულობა გაღრმავდება.

„პასუხი უნდა იყოს გაცემული დროულად, ადეკვატურად და სამართლიანად. საზოგადოება იმიტომ არის დაყოფილი, რომ ყველას აქვს თავისი სიმართლე, უნდა იყოს სახელმწიფო, რომელიც მას დააბალანსებს, მისცეს ყველას შესაძლებლობა, აზრი გამოხატოს. კანონი თანაბარი უნდა იყოს ყველასთვის და სასჯელი გარდაუვალი. თუ ვიღაცას ექნება უფლება, ადამიანს ასე მოექცეს, ქუჩაში დაესხას თავს და დაუსჯელი დარჩეს, ეს გადამდებ ხასიათს მიიღებს. გამოჩნდებიან ვიღაცები, რომლებიც ამათ იპოვიან და გაუსწორდებიან, სამოქალაქო დაპირისპირება სხვა კი არაფერია“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

რაც შეეხება საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრას, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ეს მარტივი არ არის.

„უკვე იმდენი რამ მოხდა, ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, პირველ რიგში, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, რომ ასეთი რამე არ მოხდეს. ჩვენი წილი პასუხისმგებლობაა, სიძულვილის ენა არ გამოვიყენოთ, ერთმანეთი არ დავაკნინოთ, არ დავამციროთ, არ დავამუნათოთ. თავისი პასუხისმგებლობა აქვს მედიას – სიმართლე ილაპარაკოს, არ ილაპარაკოს ის, რაც ვიღაცას მოსწონს ან ვიღაცას აწყობს. ეს არის ერთობლიობაში გამოსავალი. უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრის მიმღებლობა, დებატები. პოლიტიკოსები უნდა ისხდნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, ერთმანეთს სიმართლეს პირდაპირ ეთერში უმტკიცებდნენ. პოლიტიკურ ელიტაში არგუმენტებით დღეს არავინ არ ლაპარაკობს, ამიტომ არის, რომ მოქალაქის დონეზე საქმის გარკვევა მუშტებით მიდის. ეს არის ამ ქვეყნის უბედურება. სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია, ძალაც აქვს, ლეგიტიმაციაც და საშუალება, რომ ეს ყველაფერი აღკვეთოს და შემდეგ ამ პროცესებს შეუწყოს ხელი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,924,126 ნახვა