Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: მცდარი წარმოდგენაა, რომ მიიღება მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილება და შემდეგი გადაწყვეტილებაა ევროკავშირის წევრობა. მოლაპარაკების გახსნა მოუწევს 35 თავზე ცალ-ცალკე. 35-ჯერ ვიქნებით ასეთი მოწყვლადი ამ პერიოდში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში მოლაპარაკებების გახსნის შემდგომი პროცედურები განმარტა. მისი განცხადებით, მცდარი აღქმა, რომ მოლაპარაკებების გახსნის შემდგომი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობა იქნება.

„მცდარი წარმოდგენა არის, რომ მიიღება გადაწყვეტილება მოლაპარაკების გახსნის შესახებ და ამის შემდეგი გადაწყვეტილება არის ერვოკავშირის წევრობა. ეს მცდარი აღქმაა. სინამდვილეში მოლაპარაკების გახსნა მოუწევს 35 თავზე ცალ-ცალკე. 35 ასეთი მოლაპარაკების გახსნა გვექნება, სადაც ჩართული იქნება 27 ქვეყანა და რომელ ქვეყანას რა მოუვლის თავში, მოდი, ახლა საქართველოს მოვთხოვო სააკაშვილის გათავისუფლება, ხან სანქციების დაწესება, ხან ინსტიტუციების არევა, მათ შორის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. 35-ჯერ ვიქნებით ასეთი მოწყვლადი ამ გრძელ პერიოდში და თან 35-ჯერ უნდა დაიხუროს, ამასაც კონსენსუსი სჭირდება. 70 ასეთი გადაწყვეტილება იქნება მისაღები, რომელიც ყოველ ჯერზე შეიძლება, ვიღაცამ გამოიყენოს პოლიტიკურ იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2028 წელს საქართველოს ექნება ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეტი შესრულებული, ანუ იქნება იმ ეტაპზე, როცა „სულ ცოტაც და უკვე გექნება ევროკავშირის წევრისთვის საკმარისი სტანდარტი.“

„ამ მომენტში გახსნა უზრუნველყოფდა იმას, რომ იქნებოდა მოკლე პერიოდი მოლაპარაკებისა. რეალურად მოლაპარაკებას არ სჭირდება 2-3 წელზე მეტი. ჩვენ მათ შორის, ვნახეთ ნატოს შემთხვევა, როცა ფინეთი და შვედეთი მიღებას კვირები დასჭირდა, მაშინ როდესაც ჩვენ „მაპი“ და გრძელვადიანი პროცესი გვაქვს. რატომ? იმიტომ, რომ იმ მომენტში დაიწყეს საუბარი წევრობაზე, როდესაც დამატებით ბევრი აღარაფერი იყო გასაკეთებელი ფინეთსა თუ შვედეთში.

ზუსტად იგივე შემთხვევა ჩვენც გვქონდა ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით. ევროკავშირს უკრაინასთან და მოლდოვასთან 4 წელი ისე ჰქონდა მოლაპარაკება ასოცირების შეთანხმებაზე, რომ ჩვენთან საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. დაიწყეს გვიან, მოვრჩით მალე, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დაიწყეს, ჩვენ უკვე წინ ვიყავით უკრაინაზე და მოლდოვაზე.

ასე იქნება – ჩვენ რაც უფრო მომზადებული ვიქნებით მოლაპარაკების პროცესისთვის, მით უფრო მალე მორჩება ეს მოლაპარაკება და მით უფრო ცოტა დრო იქნება იმისათვის, რომ ვიღაც თუ მოინდომებს, გამოიყენოს ეს ყველაფერი პოლიტიკურ იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ. და ასევე, ის სამწუხარო კონტექსტი, რომლის გამოც საქართველო არის წნეხის ქვეშ, უკრაინაში მიმდინარე ომი, ეს კონტექსტი უკვე შეცვლილი იქნება და გვაქვს იმედი, რომ აღარ იქნება იმის მოტივაცია, რომ არასათანადო გავლენების მოხდენის სურვილი ჰქონდეს ვინმეს საქართველოზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,934 ნახვა