ძალიან ბევრი უცხოელი ჟრნალისტია ჩამოსული, ჰკითხეთ, გაესაუბრეთ, რომელ ქვეყანაში უნახავთ ასეთი მშვიდობიანი, ლაღი დემონსტრაციები? – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„ხომ არ მეტყვით, ვინ გამოიყვანა ეს რობოკოპები და ვინ გააბრაზა ხალხი? რატომ გააბრაზეთ ხალხი? არ არსებობს ქართველი, რომელიც არ გაბრაზდება, როცა უცბად გრძნობს, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ეცლება ხელიდან და ვბრუნდებით რუსეთში.
მეც არ მომწონს პიროტექნიკა, მეშინია ყოველთვის, თუნდაც ახალ წელს. რამდენი რამე ხდება ახალ წელს, შუა თბილისში ვცხოვრობ და მეშინია ყოველთვის. ასე რომ, პიროტექნიკა რომ შეიძლება იყოს საფრთხის მომცველი, მესმის, მაგრამ ეს ხომ არ არის პრობლემა? ჯარები ვნახეთ, როგორ მიდიოდნენ ხალხზე, როგორ დასდევენ, მეტროშიც დასდევენ, შედიან სახლებში ღამით; როგორ არ აცლიან, რომ ხალხი დაბრუნდეს სახლში. ძალიან ბევრი უცხოელი ჟურნალისტია ჩამოსული, ჰკითხეთ, გაესაუბრეთ, რომელ ქვეყანაში უნახავთ ასეთი მშვიდობიანი, ლაღი დემონსტრაციები? ძალიან იშვიათია. მე მინახავს ძალიან ბევრ ქვეყანაში. როგორც იცით, ადრე ვიყავი დიპლომატი და მოვლილი მაქვს ძალიან ბევრი ქვეყანა, ძალიან ბევრი პროტესტი მაქვს ნანახი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას სპეცრაზმთან მისი მისვლის შესახებ.
„არ იყო არაფერი გამოყენებული დასაწყისში, შეიძლებოდა ამ პროტესტის ბოლომდე მიშვება, რადგან ხალხი გამოდის და აპროტესტებს ძალიან წყნარად. მე თვითონ ვარ მისული იმ აქციაზე, სადაც არაფერი არ ხდებოდა. ჩემმა დაცვამ ნებართვა რომ მომცა, მივსულიყავი, ე.ი. არაფერი არ ხდებოდა. მივედი, იქ რობოკოპები იდგნენ. რატომ იდგნენ, რა საჭიროა, როცა აქცია მშვიდობიანია, არავის არაფერი ემუქრება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.