პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: რატომ ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება?

ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

რატომ ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება?

ხელისუფლების დამხობის ტექნოლოგიის წარმატებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების შესრულება:

1. „დუმილის სპირალის“ მიღწევა. წესი: „გადატრიალებას აკეთებს აქტიური უმცირესობა, თუ უმრავლესობა დუმს“

2. ქუჩის აქციების მასობრივი ხასიათი და მთელი ქვეყნის მოცვა

3. სიმპათიის გამოწვევა პროტესტანტების მიმართ

4. გაწვრთნილი „შტურმავიკები“ ძალოვანი აქციებისთვის

5. საინფორმაციო დომინაცია მედია სივრცეში

6. ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლა

7. საზოგადოებრივი აზრის ლიდერების აღმავალი მხარდაჭერა

8. ძალოვანი სტრუქტურების დემორალიზაცია და ფიზიკური გამოფიტვა

9. სრულმასშტაბიანი საგარეო მხარდაჭერა

10. „საკრალური მსხვერპლი“

• „დუმილის სპირალს“ ვერ მიაღწიეს, უმრავლესობა არ დუმს. თითოეული ჩვენგანი, ვინც აქტიურობს მედიაში, სოციალურ ქსელში, სამსახურებში, სამეზობლოში, „ჩათებში“ ცალკე „საცეცხლე წერტილია“ და ერთობლიობაში დომინაციის საშუალება არ აქვთ.

• აქციების მასობრიობას ვერ მიაღწიეს. ამიტომაც მიადგნენ სკოლებს, არასრულწლოვნების გასაბრიყვებლად, რათა სკოლის მოსწავლეები ბიომასად გამოეყენებინათ აქციაზე. ესეც ჩაუვარდათ. საქართველოში 161,000 სტუდენტია და მათ აქციებზე 1-2% მონაწილეობს. 305,000 სკოლის მოსწავლისგან კი მხოლოდ რამდენიმე ათეული მიიზიდეს. პირველ დღეს, პარასკევს პიკზე პარლამენტის წინ 10,000 ადამიანი ყავდათ აქციაზე, შაბათს 8,000, კვირას 5,000. მას შემდეგ პროტესტანტთა რაოდენობა 5 ათას არ სცდება. ცნობისთვის, პარლამენტის წინ მოედანი 5000 კვ.მეტრია, სასარგებლო ფართი უფრო ნაკლები.

• სიმპათიის ნაცვლად პირიქით, ანტიპათია გამოიწვიეს, რადგან პირველივე დღიდან ძალადობრივ მეთოდებზე გადავიდნენ და ყოველ ღამეს წვავენ მთავარ გამზირს და ანადგურებენ ქალაქს. ამან მხარდამჭერებიც კი ჩამოაშორა. დაბალრეიტინგული ნაცების, ენჯეოშნიკების სახეები გულითადად კი გადამალეს და წინ დაფიონ/ფრანკლინის ახალგაზრდები წამოწიეს, მაგრამ ხალხი მაინც ნაცების აქციას და „ნაცრევოლუციას“ ეძახის. მშვიდობიანი პირველი ფაზა გამოტოვეს, სადაც პატარძალი უნდა მიყვანათ აქციაზე, ქუჩაში პიანონოზე დაეკრათ, პოლიციელის ფართან პომადა წაესვათ და ასე შემდეგ. ახალგაზრდა წყვილის სასიყვარულო კოცნის ნაცვლად, ორი ლესბოსელი და ორი მამათმავალი აკოცნავეს. როგორც ჩანს, ეს აუცილებელი მოთხოვნა იყო უცხოელი სპონსორებისგან, თორემ ასეთი იდიოტებიც არ არიან, ვერ მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ხალხს პირიქით გააღიზიანებდა. მაგრამ რას იზამ?! ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. პატრონი კი მონურ მორჩილებას ითხოვს. მოკლედ სიმპათიის მოსაპოვებელი ღონისძიებებიდან მხოლოდ ქაღალდის თვითმფრინავების გაშვება მოასწრეს. შემდეგ სპეცრაზმს „შტურმავიკები’ ეკვეთნენ და პირველ-მეორე დღეს მაგრად გაილახნენ, მესამე დღიდან ახლოს ვეღარ მიდიან სამართალდაცმველებთან და შორიდან ჩინურ ფოიერვერკებს, ქვებს და მეტალის ბურთულებს ესვრიან. არადა უცხოელი სპონსორი ფულს პოლიციასთან უშუალო კონტაქტისთვის იხდის. მოკლედ, სიმპათიის ნაცვლად მოსახლეობისგან აგრესია მიიღეს, რაც უბნებში ფანჯრებიდან უცენზურო სიტყვების კორიანტელში მრავლგზის გამოიხატა.

• „შტურმავიკები“ კარგი ამუნიციით არიან, კარგადაც უხდიან, მაგრამ სპეცრაზმთან პირველი ორი დღის ურთიერობის გამოცდილების შემდეგ, დისტანციაზე ყოფნას ამჯობინებენ და იქიდან ისვრიან ფოიერვერკებს, ქვებს და რკინის ბურთულებს. ფიზიკური შენიშვნები, რომელიც პირველ ორ დღეს მიიღეს, მათ მოგონებებში დიდხანს დარჩება. სავარაუდოდ, გასამრჯელოს მაინც მიიღებენ, მაგრამ პრემიებს აღარ მისცემენ. თუმცა, ასე უფრო რენტაბელური გამოვა მათთვისვე, რადგან მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება და პრემია მას არ ეყოფა. დისტანციაზე გასვლა გონივრულ გადაწყვეტილებად უნდა ჩავუთვალოთ.

• საინფორმაციო დომინაციას მედია სივრცეში ვერ ახერხებენ. „იმედი“ დაბალანსებულად და აკადემიურად მუშაობს. ეს იგრძნეს და „იმედის“ ჟურნალისტებს აგრესიულად, ზოგ შემთხვევაში ძალადობრივად ექცევიან. საზმაუსთან მივარდნა ძველი კლასიკური სქემის ნაწილი იყო: ადრე მიღებული იყო, რომ ტელეგრაფს, ვაგზალს და მთავრობის სახლს თუ აიღებდი, ხელისუფლება შენი იყო. ამ სქემით იმოქმედეს, შევარდნენ საზმაუში, მოიპოვეს ეთერი და ისეთები ილაპარაკეს, რომ უცხოური მართვის ცენტრიდან აუცილებლად საყვედურებს მიიღებდნენ. განსაკუთრებული „შედევრი“ ბატონი სავანელი იყო, რომელიც გარეგნულად სალვადორ დალის ნახატს ჰგავს, ხოლო შინაგანად დემონთა შორის უარესს.

• ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლას დიდი ძალისხმევა მოანდომეს და აქაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. სამსახურებში მიდიოდა ხალხის ბულინგი, დამუნათება, დარცხვენა, ლანძღვა. შედეგი: 420,000 საჯარო მოსამსახურისგან 1200-მა მოაწერა პროტესტს ხელი. თბილისის მერიის სტრუქტურებში 32,000 ადამიანი მუშაობს და ხელმოწერა 259 კაცმა „იჩქარა“. ამ ხალხს ახლა დიდი რაოდენობის ადრენალინი გამოეყოფა გამოცხადებული რეორგანიზაციის მოლოდინში და ისინი „სიტყვა და საქმეში“ ვაკანსიის განცხადებებს უკვე ეძებენ.

• საზოგადოებრივი აზრის ლიდერების ნაწილში იგივე კამარილია გამოიყვანეს. 100-მდე დანიშნული პოეტი, მწერალი… ძირითადად ჰუმანიტარული მიმართულების სასარგებლო იდიოტები. თვალშისაცემი იყო სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის მოწოდება სტუდენტებისადმი, რომ „სახლში დარჩენა დანაშაულია“ და ამირან გამყრელიძის ოდა ამერიკის მიმართ, რომელმაც მიმოიხილა ჯანდაცვის სფეროში უცხოეთთან თანამშრომლობის ასპექტები, მაგრამ იმავე უცხოეთის ფარმაკომპანიების მიერ ქართველი ხალხისგან ამოღებული მილიარდების შესახებ მორცხვი დუმილი ამჯობინა. სპორტსმენებს რაც შეეხება, ჩვენ ისინი გვიყვარს და ვგულშემატკივრობთ, მაგრამ მათგან პოლიტიკასა თუ გეოპოლიტკაზე მოსაზრებების მოსმენა საინტერესო არ არის, რადგან ისინი ამაში ისე ერკვევიან, როგორც მე და თქვენ ტაილანდური ენის გრამატიკაში. ამიტომ, ეს მათ მსუბუქად გავუტაროთ და სპორტულ ასპარზზე კვლავ მხარი დავუჭიროთ, სადაც ჩაუქნი არიან.

• ძალოვანი სტრუქტურების დემორალიზაცია და გამოფიტვა ვერ მოხერხდა. თავდაცვის სამინისტროდან 40-მდე სამოქალაქო თანამშრომელი შეუერთდება შრომით ბაზარს, დიდი ალბათობით, ხოლო შსს-დან ორი ჯეელი უკვე ეძებს სამსახურს. ვფიქრობ, რომ ქართულ ძალოვან სტრუქტურებს უკვე შეუძლიათ ევროპელ კოლეგებს საპროტესტო გამოსვლების მართვის კურსის მასტერ კლასები ჩაუტარონ კომერციულ საფუძველზე. ევროპულ ქვეყნებში ისე მშვიდობიან აქციებსაც ვერ მართავენ, როგორ ქართულმა სამართალდამცავმა სისტემამ ძალადობრივი ხასიათის აქციები მართა. ცხადია, იყო რამდენიმე დასანანი ინციდენტი, რომელიც გაირჩევა სამართლებლივად. საქართველოს სპეცსამსახურებმა ბრძოლაში, რომელიც ხალხისთვის არ ჩანდა, ხუთი ქვეყნის სპეცსამსახურს აჯობეს.

• სრულმასშტაბიანი მხარდაჭერა გარეთ თითქოს აქვთ, მაგრამ არა აბსოლუტური. გადატრიალების მესვეურთათვის ამ პუნქტის ჩათვლა აქტივში მაინც უფრო შეიძლება, ვიდრე არა. ეუთო/ოდირი-ს, ორბანის, ლუქსმბურგის, სლოვაკეთის, იტალიის, ბულგარეთის პოზიციები გამოირჩევა და კონსენსუსს ხელს უშლის. ბოლომდე უცნობია ტრამპის გუნდის პოზიცია, თუმცა ის ფაქტი, რომ პოზიცია უცნობია უკვე საინტერესოა.

• „საკრალური მსხვერპლი“ ესკალაციისთვის აუცილებელია. ამაზე წამსვლელები არიან. ჩვენ ვნახეთ ვიდეო ჩანაწერები, სადაც აქციის არარიგითი წევრები ამ უკიდურეს ზომებზე მსჯელობენ. თუმცა აქაც მთავარი მომენტი ის არის, რომ თუ ვინმეს მოკლავენ თავის რიგებში 100%-ით სახელმწიფოს უნდა დაბრალდეს, რისი ორგანიზებაც მარტივი არ არის.

დასკვნა: სახელმწიფო გადატრიალების მეხუთე მცდელობა ჩავარდა – შესაბამისად, ამ ეტაპზე საქართველოს ომში ჩათრევის სცენარიც ჩაიშალა. უცხო ქვეყნების გადასახადის გადამხდელთა ფული უმიზნოდ დაიხარჯა. აქციები უკვე ინერციით მიმდინარეობს და მუხტი სულ უფრო კლებადია. სავარაუდოდ 14 დეკემბერს, 19-20 დეკმებერს და 29 დეკემბერს კიდევ შეეცდებიან რაღაც გაფაფხურებას, მაგრამ ეს უკვე „მომაკვდავის რეფლექსები“ იქნება. ჩვენ შევდივართ ახალ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც ქართულ სახელმწიფოს გაცილებით მეტი სუვერენიტეტი აქვს და ახალი „ქართული პროექტის“ დაწყების შანსი ჩნდება. შესაძლოა ურჩობისთვის და საკუთარი ინტერესების დაცვისთვის გარკვეული სადამსჯელო ქმდებები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან იყოს, მაგრამ არაფერი ეგზისტენციალური არ იქნება, იმასთან შედარებით, რაც გადატრიალების წარმატების შემთხვევაში გველოდა.

ამ ყველაფრის მერე ერთი დაგვრჩენია: გაუმარჯოს დამოუკიდებელ სუვერენულ საქართველოს!

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,934 ნახვა