სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა დავით კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია.
„გვსურს, გაგაცნოთ სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობის თანხა. კერძოდ, 5 მილიონ 60 ათასი ევრო, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს, დაახლოებით, 15 მილიონ ლარს.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ იყო დასაბუთებული და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ კეზერაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი სქემის შესახებ. კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე, კანონმდებლობის დარღვევით, ერთ დღეში გააფორმა ფიქციური ხელშეკრულება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიასთან ქართული ჯარის საბრძოლო წვრთნის თაობაზე. მეტიც, აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის გვერდის ავლით. სინამდვილეში, ქართული ჯარის არავითარი წვრთნა არ ჩატარებულა და, შედეგად, მიზანიმამრთულად გაიფლანგა ქართული ჯარისთვის კუთვნილი თანხა 5 მილიონ 60 ათასი ევროს ოდენობით. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ჯარის გაძარცვით გამდიდრებული კეზერაშვილი სტრასბურგის სასამართლოში დამატებით ითხოვდა სახელმიწფოსგან 15 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა.
სტრასბურგის სასამართლომ, მთლიანობაში და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და ამით აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება.
ვულოცავ ჩვენს სახელმწიფოს, ქართულ ჯარს და ჩვენს საზოგადოებას ევროპულ სასამართლოში ამ ღირსეულ გამარჯვებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.