შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, თუ როგორ მოხდა მეხანძრე-მაშველების მიერ სახანძრო მანქანიდან წყლის დაცლა.
უწყების ცნობით, 112-ის შეტყობინების საფუძველზე გასულ სახანძრო მანქანას აქციის მონაწილეები გადაუდგნენ და არ მისცეს შეთხვევის ადგილზე მისვლის საშუალება და აპირებდნენ რეზერვუარის ონკანის გახსნას. მაშველები იძულებული გახდნენ, თავად დაეცალათ წყლის რეზერვუარი.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კიდევ ერთი დესტრუქციული და უკანონო ქმედების შესახებ.
საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ მახლობლად მდებარე კაფე “ღვინოს” მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი.
მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე – მაშველები, სახანძრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩაუკეტეს გზა და მეხანძრე-მაშველებს არ მისცეს ინციდენტის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა. მოქალაქეები მანქანას ურტყამდნენ ხელებს და სხვადასხვა ნივთებს.
ასევე, აქციის მონაწილეებმა თავად დააპირეს წყლის რეზერვუარის ონკანის გახსნა, რის გამოც მეხანძრე-მაშველები იძულებულნი გახდნენ თავად დაეცალათ წყლისგან სახანძრო ავტო-ცისტერნა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის ყოველგვარ ფორმას.
ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ასევე, მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და თითოეულ მოქალაქეს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.“,-ნათქვამია განცხადებაში.