პოლიტიკა

სოსო არჩვაძე-ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდა და მაკროეკონომიკური პარამეტრების ხარისხობრივი გაუმჯობესება ქმნის და აძლიერებს იმ პოზიტიურ მოლოდინებს, რომლებიც ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებსა და ინვესტორებს გააჩნიათ მზარდი პოზიტიური შედეგებისადმი

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ყურადღება და აქტიურობა კონცენტრირებული იყო საპარლამენტო არჩევნებზე, ხოლო ეკონომიკაზე მოქმედი გარე ფაქტორები კვლავაც საკმაო დოზით შეიცავდნენ მომეტებულ რისკებს, საქართველოს ეროვნული მეურნეობა მაინც ინარჩუნებდა მდგრადი და დინამიური განვითარების ტემპს, რაც მას არსებითად გამორჩევდა არა თუ რეგიონულ, არამედ გლობალური მასშტაბით“- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ეკონომისტი საქსტატის მონაცემებს ეხმიანება, რომლის ცნობითაც, 2024 წლის ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 11% შეადგინა, მიმდინარე წლის ათ თვეში კი ეკონომიკური ზრდა 10%-ით განისაზღვრა.

ექსპერტის თქმით, ეკონომიკის დინამიზმის პოზიტიური ტრენდი ადეკვატურად აისახება შრომის ბაზარზეც, სადაც ფიქსირდება დასაქმების რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების არსებითი გაუმჯობესება.

„2024 წლის ოქტომბერში, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ყურადღება და აქტიურობა კონცენტრირებული იყო საპარლამენტო არჩევნებზე, ხოლო ეკონომიკაზე მოქმედი გარე ფაქტორები კვლავაც საკმაო დოზით შეიცავდნენ მომეტებულ რისკებს, საქართველოს ეროვნული მეურნეობა მაინც ინარჩუნებდა მდგრადი და დინამიური განვითარების ტემპს, რაც მას არსებითად გამორჩევდა არა თუ რეგიონულ, არამედ გლობალური მასშტაბით. საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის ოქტომბერში გაიზარდა 11.0 პროცენტით, რაც პანდემიამდელი 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 31.2 პროცენტით აღემატება. მთლიანად, წლის განვლილ პერიოდში მიღწეულია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (+10.0%), რაც ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს თითქმის 2.5-ჯერ აღემატება. ინფლაციამ 2024 წლის ოქტომბერში 0.3 პროცენტი შეადგინა, რაც ჯერადად ნაკლებია აშშ-ის (+2.6%) და ევროკავშირის (+2.0%) ანალოგიურ მაჩვენებლებზე. ამასთან, ინფლაციამ როგორც წინა თვესთან (სექტემბერთან), ისე ერთი წლის წინანდელ დონესთან შედარებით თანაბარი დონის (0.3-0.3 პროცენტი) შეადგინა, რაც სამომხმარებლო სექტორში ფასების სტაბილურობის მაჩვენებელია.

საგულისხმოა, რომ დაწყებული 2021 წლის აპრილიდან, ყოველი თვის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში. ამასთან, ამ პერიოდიდან გავლილი 43 თვის მანძილზე 12 თვე დეფლაციური იყო, აშშ-ში კი – არც ერთი. ინფლაციის დაბალი ტემპი მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში მოსახლეობის ერთობლივი მოთხოვნისა და გადახდისუნარიანობის ზრდის ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა ინდიკატორია. ოქტომბერში ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 220 ერთეული, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ – 14.4 მლრდ. ლარი (+14.7%) შეადგინა. დინამიურად ვითარდება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები. ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოს ექსპორტი 39.0 პროცენტით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი 70.7 პროცენტით გაიზარდა, რაც მატების ტემპით საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 29 თვის პერიოდში (2022 წლის მაისის შემდეგ).

საშუალოდ ერთ დღეში ექსპორტი აღემატებოდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.2 მილიონი აშშ დოლარით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი – 4.4 მილიონი აშშ დოლარით. ექსპორტის მთლიანი მატების თითქმის ¾ (71.6%) ადგილობრივი ექსპორტის მატებამ უზრუნველყო. აღნიშნული შედეგია როგორც ქვეყნის რეალური სექტორის დამაჯერებელი ზრდის, ისე ქართული ბიზნესის კომპეტენტურობისა და გლობალურ ბაზრებზე წარმატებული კონკურენტუნარიანობისა და წარმატებული პოზიციონერებისა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია მოიცავს 151 სახელმწიფოს, საიდანაც ყოველ მესამესთან ჩვენს ქვეყანას დადებითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია. 2024 წლის ოქტომბერში საქართველოდან გავიდა 635 სასაქონლო პოზიციის პროდუქცია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15 პოზიციით მეტია. ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2024 წლის ოქტომბერში 47.6 პროცენტი შეადგინა, რაც გასული წლისას 7.5 პუნქტით აღემატება. აღსანიშნავია ამ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა აშშ-ში (+77.3%), ამ ქვეყნიდან იმპორტის საგრძნობი შემცირების (-8.5%) ფონზე. მსუბუქი ავტომობილების (რე)ექსპორტი რჩება ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო პოზიციად. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მან უკვე გადააჭარბა აშშ დოლარებში 2.0 მილიარდიან მიჯნას და საქართველოს მთელი ექსპორტის 36.6 პროცენტი და რეექსპორტის 64.6 პროცენტი შეადგინა. – მხოლოდ 2024 წლის ოქტომბერში საქართველოდან განხორციელდა 237.8 მლნ. აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი – თანხობრივად იმდენივე, რამდენიც იყო საქართველოს მთლიანი ექსპორტი მთელი 1999 წლის განმავლობაში. 2024 წლის ოქტომბერში უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ტრანზაქციებმა 281.1 მლნ. აშშ დოლარი (-1.5%), ხოლო წმინდა ტრანზაქციებმა – 245.4 მლნ. აშშ დოლარი (-3.2%) შეადგინა. შემცირებები გამოწვეულია რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების საგრძნობი კლებით (შესაბამისად, 27.4 მლნ. აშშ დოლარით და 30.5 მლნ. აშშ დოლარით).

დანარჩენი მსოფლიოდან საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები გაიზარდა 23.3 მლნ. აშშ დოლარით (+10.4%), ხოლო წმინდა ტრანზაქციები – 19.7 მლნ. აშშ დოლარით (+10.1%). საქართველოში განხორციელებული ტრანზაქციებით პირველი სამი ადგილი უკავიათ აშშ-ს, იტალიას და რუსეთს. ამასთან, წმინდა ტრანზაქციებით აშშ უსწრებს რუსეთის ფედერაციას 19.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო იტალია – 15.6 მლნ. აშშ დოლარით. ეკონომიკის ზრდა ადეკვატურად აისახება ტურისტული ინდუსტრიის დინამიზმშიც. საგრძნობლად იზრდება შემომავალი ტურისტების რაოდენობა, მათი საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობა და გაწეული ხარჯების მოცულობა, რომელიც თვეზე გაანგარიშებით გასულ წელთან შედარებით 87 მლნ. აშშ დოლარით (+14.1%) გაიზარდა. მეორე მხრივ, ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების და კეთილდღეობის ზრდა ასახვას პოულობს ქვეყნიდან გამავალი ტურიზმის ზრდის მასშტაბებშიც. – ამჟამად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საზღვარგარეთ გაცილებით მეტ დროსა და რესურსებს ხარჯავენ. – წინა წელთან შედარებით, საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების საშუალო სადღეღამისო ხარჯების მოცულობა 8.2 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, საქართველოში შემომავალი ტურისტების რაოდენობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ტურისტების საზღვარგარეთ გასვლის რაოდენობას 3.9-ჯერ, ხოლო ხარჯებით – 8.5-ჯერ აღემატება.

ამის ხარჯზე ტურიზმით მიღებული შემოსავლების დადებითმა თვიურმა სალდომ პირველად გადააჭარბა 600 მილიონ აშშ დოლარს (მატება წინა წელთან აშშ დოლარებში: +14.1%). ეკონომიკის დინამიზმის პოზიტიური ტრენდი ადეკვატურად აისახება შრომის ბაზარზეც, სადაც ფიქსირდება დასაქმების რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების არსებითი გაუმჯობესება. – წინა წელთან შედარებით, მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის რამდენადმე შემცირების ფონზე ქვეყანაში გაიზარდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა (+0.9%) და დასაქმებულთა კონტიგენტი (+3.0%). დასაქმებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 41.1 ათასით. აღნიშნული მატების 76 პროცენტი მოდიოდა დაქირავებით დასაქმებულთა მატებაზე. ამასთან, სამეწარმეო სფეროში დასაქმებულებიდან 92.5 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის. – ეს თითქმის 40 პუნქტით აღემატება 2003 წლის მაჩვენებელს. ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდა და მაკროეკონომიკური პარამეტრების ხარისხობრივი გაუმჯობესება, მათი მაღალი კორელაცია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ეფექტიანობასთან, მათ შორის ბიუროკრატიის დაბალ დონესთან, ქმნის და აძლიერებს იმ პოზიტიურ მოლოდინებს, რომლებიც ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებსა და ინვესტორებს გააჩნიათ საქართველოს ეკონომიკის შესაძლებლობებისა და მასში ჩართულობის პერმანენტულად მზარდი პოზიტიური შედეგებისადმი.“-წერს სოსო არჩვაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,893 ნახვა