კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევთან მოლაპარაკებების დროს ასტანას მოსკოვის სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მოკავშირე უწოდა.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, თბილი დახვედრისთვის, მართლაც, ყაზახეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჭეშმარიტად სანდო მოკავშირე“, – აცხადებს პუტინი.
პუტინის განცხადებით, მოსკოვსა და ასტანას სურვილი აქვთ, ეძებონ გადაწყვეტილებები ორმხრივ ურთიერთობებში რთული საკითხების შესახებ და ისინი პოულობენ კიდეც.
პუტინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ხელმოწერისთვის დაგეგმილი დოკუმენტები თანამშრომლობის განვითარების კარგი საფუძველი გახდება.
ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთი რჩება ყაზახეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორად: გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ 28,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
თავის მხრივ, ტოკაევმა განაცხადა, რომ ურთიერთობები მოსკოვსა და ასტანას შორის აღმავალი ხაზით ვითარდება და შეუქცევადი დინამიკა შეიძინა.
„ჩვენი ამოცანაა, თანამშრომლობა არ შენელდეს, წარმატებით განვითარდეს ვაჭრობა, გაღრმავდეს საინვესტიციო თანამშრომლობა და, რა თქმა უნდა, კონტაქტები ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო სფეროებში“, – აღნიშნა ტოკაევმა.