პარლამენტში პრემიერობის კანდიდატს განახლებულ გუნდთან ერთად ელიან. საკანონმდებლო ორგანო დღეს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს.
როგორც ითქვა, სამთავრობო პროგრამა ყველა იმ საჭიროებასა და გამოწვევას პასუხობს, რომელიც ქვეყანაში დგას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინიციატივით, განათლება და მეცნიერება კვლავ ცალკე უწყებაა, კულტურა და სპორტი – ცალკე. ამ სფეროებს ალექსანდრე წულაძე და თინათინ რუხაძე იბარებენ.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება – იუსტიციის სამინისტროს ანრი ოხანაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.