88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.
უფლებამოსილების ცნობამდე, რეგლამენტის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს არჩევნების შედეგები გააცნო. ასევე, დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა. პროცედურის შესაბამისად, კომისიებმა აირჩიეს თავმჯდომარეები და მდივნები, ასევე დროებითმა სამანდატო კომისიებმა განიხილეს ცესკოს მიერ გადაცემული დოკუმენტაცია.
გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.
150-კაციან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს. „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ – 19 მანდატი (11, 03%), „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობამ“ – 16 მანდატი (10.17%), „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 14 მანდატი (8,81%,), „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი (7,78%) მოიპოვა. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
ახალარჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება.