პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
პრემიერის თქმით, ანრი ოხანაშვილი არის ერთ-ერთი საუკეთესო იურისტი საქართველოში და მას განათლება მიღებული აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, გერმანიაში.
მთავრობის მეთაურმა ანრი ოხანაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„ანრი ოხანაშვილს არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, იგი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო, პროფესიონალი იურისტი საქართველოში. მას აქვს მიღებული ძალიან ღრმა განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ დამთავრებული აქვს მაგისტრატურა იენის უნივერსიტეტში, გერმანიაში და ასევე სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული გერმანიაში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. ის 2017 წლიდან გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, წლების განმავლობაში, იკავებდა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას და ყველა მიმართულებით იყო ძალიან წარმატებული თავის საქმიანობაში. ანრი ოხანაშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი, მინდა წარმატებები ვუსურვო იუსტიციის სამინისტროში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ანრი ოხანაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ბატონ ირაკლის ნდობის გამოცხადებისთვის, ჩემთვის პატივია ვიყო მისი ხელმძღვანელობით მთავრობის შემადგენლობაში. ასევე, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის.
მსურს, ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და დიდ მადლობა გადავუხადო რატი ბრეგაძეს, გაწეული დაუღალავი შრომისთვის და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. ასევე, წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში.
ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვემსახურო ჩვენს სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა იუსტიციის სფეროში. შესაბამისად, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფილიყო სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას. მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.