GD Banner
რელიგია

წმიდა გიორგის მეოხებით ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.

წმინდა გიორგი კაპადოკიელი დიდებული იყო, რომელიც რომის ლაშქარში მსახურობდა და თავის სიმამაცით იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიუპყრია. მალე მისი პირადი მცველი და შემდეგ მისი მხედართმთავარიც გამხდარა. გიორგიმ მეფის წინაშე კერპთაყვანისმცემლობა დაგმო და ქრისტიანობა იქადაგა. 

   დიოკლეტიანემ როცა მისი გადაბირება ვერ შეძლო, მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. ლახვარი წმინდანის ხორცის შეხებისას სანთელივით მოიდრიკა. ამის შემდეგ დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა, თუმცა ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა და დიოკლეტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ლოცვის შემდეგ უმახვილოდ განუტევა სული.

ქრისტიანობისათვის წამებულ წმინდა გიორგის III-IV საუკუნეებიდან თაყვანს სცემენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ სხვა აღმსარებლობის მორწმუნეები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში – ყურანშიც კი მოიპოვება. საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა. სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, გიორგობას მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ, რაც დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა. წმინდა გიორგის განსასვენებელი იერუსალიმის მახლობლადაა. წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულია მის მიერ გველეშაპის განგმირვა, რის გამოც ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.   

   წმიდა გიორგის მეოხებით ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ!

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა