მე მგონი ოპოზიციას უკვე ეტყობა, რომ მათი ეს საუბარი იმაზე, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ, იყო ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა, რასაც სხვა დროსაც აკეთებდნენ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 25 ნოემბერს ყველა დაინახავს ოპოზიციის უღირს სახეს, როდესაც ისინი მანდატებზე უარს არ იტყვიან.
„ვხედავთ, რომ ისინი ეძებენ გამოსავალს, მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი როგორ გადადგან. მათ ჩიხში დაიყენეს საკუთარი თავი. აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან უარს არ იტყვიან მანდატებზე და დაიმცირებენ თავს. ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ ღირსება არ აქვთ. როდესაც უცხო ძალების ინტერესების გამტარი ხარ, პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, არის ის, რომ ღირსებაზე უარი თქვას. ამიტომ როგორც ექნებათ დავალება, ზუსტად ისე მოიქცევიან და მათთვის შინაგან დისკომფორტს არ იწვევს ის, რომ თავს დაიმცირებენ და როგორც თავად აქვთ შეფასებული, პუფებად შემოვლენ პარლამენტში. მათ ამომრჩეველსაც ვაფრთხილებდით, ვისთან ჰქონდათ საქმე. საქმე ჰქონდათ აგენტურასთან, რომელიც მოქმედებს უცხო პატრონობის დავალებით და ამ ხალხს ქართული არაფერი აინტერესებს. ეს კადრები ყველამ უნდა ნახოს, როცა უარს არ იტყვიან მანდატებზე და გამოჩნდება კიდევ ერთხელ რამდენად უღირსი პოლიტიკოსები არიან ოპოზიციაში. დადგება 25 ნოემბერი და დღის მეორე ნახევარში ყველა ნახავს სინამდვილეში ვინ არის ოპოზიცია, გამოჩნდება მათი სახე, რომ მანდატებზე უარს არ იტყვიან, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ საჯარო პირობა დადო, მათ შორის ქალბატონი სალომეს [ზურაბიშვილი] ჩართულობით, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ. 25 ნოემბერს მათ სამარცხვინო უღირსს სახეს ყველა ნახავს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.