ჩეხეთი, რომელმაც 2023 წლის ზაფხულში გამოაცხადა, რომ სრულად შეწყვიტა რუსეთიდან გაზის მიღება, ახლა გაზს რუსეთიდან სლოვაკეთის გავლით იღებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
როგორც ცნობილია, ჩეხეთს „გაზპრომთან“ არ აქვს ხელშეკრულება დადებული, თუმცა მეზობელი სლოვაკეთიდან მიწოდება გასული წლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.
ჩეხური კომპანია Net4Gas-ის მონაცემებით, სავარაუდოდ, რუსული ბუნებრივი გაზის რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში აღმოსავლეთიდან შემოდის, ამ კვარტალში დაახლოებით 74%-მდე გაიზარდა. მცირე ნაწილი გაივლის ქვეყანას გერმანიისა და პოლონეთის მიმართულებით.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნები ბოლო ორი წელია, ცდილობენ თავი დააღწიონ რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას, ზოგიერთ ქვეყანას მაინც უწევს რუსეთის გაზზე დაბრუნება, რადგან ბაზარზე სხვა იაფიანი ალტერნატივა არ აქვთ.