ოკუპირებულ სოხუმში მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტისა და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარშემო არსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს და შენობებში შეღწევას ცდილობენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ე.წ. ხელისუფლებამ გაიწვიოს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევს.
აქცია სოხუმში დილიდან დაიწყო. მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, სადაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო და დოკუმენტის რატიფიცირებისთვის უნდა ეყარათ კენჭი.
სხდომა დღის წესრიგის არდამტკიცების გამო გადაიდო, თუმცა მომიტინგეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. მათ დოკუმენტის გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით მიტინგი იქვე მობილიზებულ ე.წ. სამართალდამცველებთან ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს და ე.წ. პარლამენტის ეზოში შეიჭრნენ.
იგივე ვითარებაა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის შენობებთან. სამართალდამცველები მათ წინააღმდეგობას ვერ უწევენ. აქციის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებები გამართეს აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დიმიტრი კუჩუბერიამ, თუმცა უშედეგოდ.