პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა პოლონეთის მიერ გაწეული დახმარება დაივიწყეს და ამაში მან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა.
როგორც კოსინიაკ-კამიშმა თქვა, ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრისას მას უთხრა, „რამდენი რამ გააკეთა პოლონეთმა და რამდენად დაეხმარა უკრაინას“.
„ეს მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვების კონტექსტში, რომელშიც გაჟღერდა ნოტა, რომ პოლონეთი არ აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
პოლონელი მინისტრის თქმით, უკრაინელებს „მოკლე მეხსიერება“ აქვთ, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ თვეებში პოლონეთმა უკრაინას სამხედრო ტექნიკა გადასცა და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.
„არ შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთი არ აკეთებს ყველაფერს. პოლონეთმა გააკეთა და აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია“, – განაცხადა მან.
ამავდროულად, კოსინიაკ-კამიშმა ყურადღება გაამახვილა „ხაზზე“, რომელსაც ის „არასოდეს გადაკვეთს“.
„თუ რაიმე აღჭურვილობის გადაცემა საფრთხეს უქმნის პოლონეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას, მე უბრალოდ არ გადავცემ ამ აღჭურვილობას“, – დასძინა მან.