საქალაქო სასამართლომ საიას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კრწანისის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე ხმის ფარულობის დარღვევაზე მიუთითებდა.
საიას წარმომადგენელის თქმით, კამერები საარჩევნო კომისიაში ხმის მთვლელ აპარატებთან ძალიან ახლოს იყო განთავსებული, თუმცა სასამართლომ არ მიიჩნია დარღვევად ის ფაქტი, რომ კამერები ამომრჩევლების ნებას აფიქსირებდნენ.
ვასაჩივრებდით, კრწანისის ნომერ 4 ოლქში, ნომერ 9 საუბნო საარჩევნო კომისიაში განლაგებულ კამერებს, რომელიც იყო ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის და განთავსებული იყო ხმის მთვლელ აპარატებთან ძალიან ახლოს, ისე რომ შეიძლება გამოჩენილიყო, რომელი კანდიდატი აირჩია კონკრეტულმა ამომრჩეველმა. დარღვევაზე დაიწერა კონკრეტული საჩივრები უბანზეც, ოლქშიც. სამწუხაროდ, არც უბანზე, არც ოლქში არ დაკმაყოფილდა ეს სარჩელი. შესაბამისად, უკვე ოლქის განკარგულება გასაჩივრდა სასამართლოში, ვითხოვდით, განკარგულების ბათილობას. სასამართლომ არ მიიჩნია დარღვევად ის ფაქტი, რომ კამერები აფიქსირებბდნენ ამომრჩევლების ნებას”, – განაცხადა საიას წარმომადგენელმა.
სასამართლო დავები მაინც გრძელდება. საია ასაჩივრებს იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
როგორც მოგეხსენებათ საია ასაჩივრებს საქართველოში არსებული ყველა ტექნოლოგიური უბნის, ანუ იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი თბილისში არსებული ოლქების წინააღმდეგ და ვითხოვთ თბილისში არსებული ოლქების, იმ უბნების შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიებით.- განაცხადა საიას წარმომადგენელმა.