სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაომბუდსმენიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სამსახურის „ცხელ ხაზზე“ შესული შეტყობინებები, ასევე ჩატარებული გასაუბრებები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 ინციდენტს შეეხებოდა.
„აღნიშნული ფაქტებიდან 13 შემთხვევა, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები შეტყობინების შემოსვლისთანავე არაერთგზის დაუკავშირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის, საგამოძიებო ორგანოში, ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მხოლოდ 5 ჟურნალისტი და 1 ოპერატორი გამოცხადდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.