მე გუშინ სცენიდან მოვისმინე განწირული მოწოდება, „მოგვაწოდეთ მტკიცებულებები, მოგვაწოდეთ მტკიცებულებები“, სირცხვილი არ არის?! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართულ აქციის თაობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ საზოგადოება აქციაზე იმ მიზეზით მიიყვანა, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მაგრამ იმდენად არაფერი ჰქონდათ სათქმელი, რომ აწყობილი სცენა დაშალეს და დაიძინეს.
„მე გუშინ სცენიდან მოვისმინე განწირული მოწოდება, „მოგვაწოდეთ მტკიცებულებები, მოგვაწოდეთ მტკიცებულებები“, სირცხვილი არ არის?! ხალხი მიიყვანეს, გაყალბდა არჩევნებიო. ანუ, ჯერ ერთი, რომ თქვეს გაყალბდა არჩევნებიო არჩევნების დღეს. ისე აღშფოთდნენ, რომ 2-ის ნახევარზე დაიძინეს. გათიშეს ეთერები და ამ ანერვიულებულ ფონზე, თან ამერიკიდან ელოდებიან ანგარიშებს, მაგრამ დათვლას აღარ ელოდებიან, მოდით დავისვენოთო. მეორე დღეს ხომ სხვა ქალაქში უნდა გაგვეღვიძა, არა? ხომ შემოვიდა რომელიღაცა არმია საქართველოში, ხომ? და ასე მშვიდად დაიძინეს ამ გაყალბებულ არჩევნებზე. აწყობილი სცენა დაშალეს. სად იყო აღშფოთებული თავისი ამომრჩეველი, რატომ არ მოვიდნენ იმ დღეს და რატომ არ დაუძახეს, ხომ? მერე ორი დღე იფიქრეს, თენგოს [თევზაძე] სთხოვეს იქნებ გვითხრა როგორ გაყალბდაო, თენგომ ვერ უთხრა, გამოვიდნენ სცენაზე და ხალხს მოუწოდებდნენ მოგვაწოდეთ რამე ინფორმაცია გაყალბებასთან დაკავშირებითო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.