GD Banner
პოლიტიკა

კახა კალაძე არჩევნების შედეგების გამოძიების მოთხოვნაზე: თუკი ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, გაერთიანდნენ, მობრძანდნენ და რამდენი უბანიც უნდათ, დაითვალონ

„მზად ვართ, ვისაც უნდა, რამდენი უბანიც უნდა, თვითონ აირჩიონ. ყველა უბნის გადათვლა უნდათ? – პრობლემა არ არის,“ – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე არჩევნების შედეგების გამოძიებასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას და აცხადებს, რომ არჩევნები შედეგებისადმი არასწორი მოლოდინი ამომრჩევლებს ოპოზიციური პარტიების მცდარმა კვლევებმა შეუქმნა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, დაინტერესებულმა მხარემ სასურველი რაოდენობის უბნები გადაამოწმოს. რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, კახა კალაძის თქმით, ეს სიყალბე თვეების განმავლობაში გრძელდება.

„ეს არის სიცრუე და სიყალბე. რასაც ვუსმენდით ბოლო თვეების და ბოლო დღეების განმავლობაში, იმ ყველაფრის გაგრძელებაა. სახეზეა შედეგი, რომელიც დადო ქართველმა ხალხმა და „მესიჯი“, რომელიც ქართველმა ხალხმა უთხრა მთელ მსოფლიოს. ჩვენ ვართ პრინციპული ხალხი და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და არა ვიღაცისგან ბრძანებების მიღება.

საქართველო და ქართველი კაცი არასოდეს იქნება ვინმეს ვასალი. ის თავსმოხვეული პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიებიდან, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, ვერასდროს და არასდროს იქნება საქართველოში, რომ ქართველი იყოს თავჩაღუნული. პირიქით, სიამაყით, თავაწეულები, ღირსებით შევძლებთ პირველ რიგში, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაცვას და ასე გვინდა ევროპული მომავალი. ვერცერთი მაგალითი ვერ მოგყავთ, როგორ შეიძლება არჩევნები იყოს გაყალბებული, წარმოუდგენელია უბრალოდ. თუკი რაიმე ბოლო ტექნოლოგია არსებობდა, ყველაფერი არის ამ აპარატების სახით.

მაგალითად, თქვენ, ერთი მოქალაქე როდესაც მიხვედით არჩევნებზე ხმის მისაცემად, გაიარეთ რეგისტრაცია, გაატარეთ თქვენი პირადობა თუ პასპორტი, მიეცით ხმა, თქვენი ბიულეტინი მოთავსდა შესაბამის ურნაში, აპარატმა მიიღო თქვენი ხმა, როგორ შეიძლება, აქ იყოს გაყალბება?! წარმოუდგენელია, უბრალოდ შეუძლებელია, ვინმეს რაიმე ზემოქმედება მოეხდინა. გინდათ გაჩვენოთ სალომე ზურაბიშვილი, რაც გუშინ იკადრა, რას საუბრობდა რამდენიმე კვირის წინ აღნიშნულ აპარატებთან დაკავშირებით? – სამარცხვინოა უბრალოდ, ეს არის რეალობა. რაც შეეხება გადახედვას, პრემიერ-მინისტრმა, შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. მზად ვართ, ვისაც უნდა, რამდენი უბანიც უნდა, თვითონ აირჩიონ. ყველა უბნის გადათვლა უნდათ – პრობლემა არ არის. მოვიდნენ, გადათვალონ, შეამოწმონ, არანაირი პრობლემა არ არის. ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანენ, რომ რაიმე არასწორად ჩატარდა. წარმოიდგინეთ, უბანზე რამდენი პარტიის წარმომადგენელია, რამდენი ქართველი და უცხოელი დამკვირვებელია. მთელი არჩევნების განმავლობაში კეთდებოდა სასწაული განცხადებები თვითონ უცხოელი დამკვირვებლების მხრიდან და საბოლოო ჯამში, ეუთო/ოდირმაც დადო შესაბამისი დასკვნა, რომ არაფერი არ მომხდარა და დადებითად შეაფასა ჩატარებული არჩევნები. შესაბამისად, არანაირი კითხვა არ არსებობს, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები, რაც გრძელდება და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ეს დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,295 ნახვა