2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა პოლარიზებულ გარემოში, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობას, გამჭვირვალობასა და ჩართულობას, – ამის შესახებ ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ზლატკო ვუიოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯამურმა დარღვევებმა საგრძნობი ზეგავლენა იქონია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე.
„ჩვენ ახლა გაგაცნობთ ძირითად გზავნილებს და ჩემი კოლეგები მოგვიანებით აგრეთვე გაგაცნობენ ძირითად ნაწილებს, წინასწარ დასკვნებს შეაჯამებენ. 20-29 გვერდი არის სრული ანგარიში, რა თქმა უნდა, სრულად ვერ დავფარავთ მას, მაგრამ წინასწარ გვსურს, რაღაც ინფორმაცია მოგაწოდოთ ამის შესახებ. ეს არის შეჯამება, რათა მარტივად გაიგოთ ძირითადი მიგნებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობას, გამჭვირვალობასა და ჩართულობას. დაფიქსირდა ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გამოხატული ძალადობის ფაქტები, აგრეთვე, ადმინისტრაციული რესურსების არაჯეროვანი გამოყენება და კამპანიის რეგულაციები არ იქნა ჯეროვნად შესრულებული. სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებზე განხორციელდა ზეწოლა. იმისდა მიუხედავად, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიონალურად და ეფექტურად უძღვებოდა პროცესს, ENEMO მაინც წუხს ცესკო-ს დამოუკიდებლობასა და მიუკერძობლობასთან დაკავშირებით.
ჯამურმა დარღვევებმა საგრძნობი ზეგავლენა იქონია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე. 26 ოქტომბერს ახალი პროპორციული სისტემით გაიმართა არჩევნები და საარჩევნო პროცესი ჩატარდა ძალიან პოლარიზებულ გარემოში, საკანონმდებლო ცვლილებების გამო ტარდებოდა უფრო დაძაბულ გარემოში, მიმდინარეობდა პროტესტები წინასაარჩევნო პროცესში. იყო ანგარიში, რომლის თანახმადაც, ძალადობა განხორციელდა ადამიანებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებს ესწრებოდნენ და აგრეთვე, ფიქსირდებოდა არჩევნების პერიოდში თვითცენზურის ფაქტები. იყო დეზინფორმაციის კამპანიებიც და ინკლუზიურობასა და თანასწორობას ეს ყველაფერი აფერხებდა. საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო პროცესის ჩატარებასთან დაკავშირებით რიგი საკითხები არის პრობლემური. ბარიერის 1-დან 5 პროცენტამდე აწევა – ამ ცვლილებამ ნეგატიური ზეგავლენა იქონია პატარა პარტიებზე და მათ ჰქონდათ არასაკმარისი შესაძლებლობა, რომ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში ან გადაელახათ ბარიერი. აგრეთვე, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უშუალოდ ცესკო-ში საერთო კონსენსუსის გარეშე გაიმართა და კონსულტაცია არ გაიმართა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რიგი საკითხები, რომლებიც მიემართებოდა უშუალოდ მიუკერძოებელ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესზე“, – განაცხადა ზლატკო ვუიოვიჩმა.
რაც შეეხება კითხვას, „კონკრეტულად გუშინ იყო თუ არა დაფიქსირებული საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ისეთი დარღვევები, რასაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე?“ – ზლატკო ვუიოვიჩმა აღნიშნა, რომ უბნების 5% იყო ნეგატიურად შეფასებული, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს, ამ დარღვევებს რა ზეგავლენა ჰქონდა უშუალოდ შედეგებზე.
„ძალიან რთულია ჩვენთვის, აღვნიშნოთ, რა არის დიდი დარღვევები, ვინაიდან ჩვენ არ ვაფასებთ, შედეგებს და დარღვევებს რა ზეგავლენა შესაძლოა ჰქონდეს შედეგებზე. ჩემმა კოლეგამ წარადგინა ძალიან ნათელი და ცალსახა შეფასება იმისა, რა მოხდა უშუალოდ საარჩევნო უბნებზე და რა დარღვევები იქნა აღნიშნული. თითოეულ პროცედურასთან დაკავშირებით მოხდა შეფასება და ქულის მინიჭება. როგორც გითხარით, უბნების 5% იყო ნეგატიურად შეფასებული მათი მოქმედების მიხედვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვერ გეტყვით, ამ დარღვევებს რა ზეგავლენა ჰქონდა უშუალოდ საბოლოო შედეგებზე. ამ პრობლემებმა რა გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგებზე, ამას ამ ეტაპზე ვერ განვსაზღვრავთ“, – განაცხადა ზლატკო ვუიოვიჩმა.