„ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისათვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას, მათ მეცხრედ განიცადეს უკვე მარცხი ამ არჩევნებში“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც არჩევნების შედეგები შეაჯამა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ოპოზიცია ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს არჩევნების მოგებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა დაუპირისპირდე კონსტიტუციურ წყობილებას და ეს არის იმედდაკარგული პოლიტიკოსების სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან.
„ისინი კიდევ ერთხელ ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებდნენ ამ არჩევნებს, თუმცა, ახლა კიდევ ერთხელ არ გაუჭირდებათ ალბათ თვალებში ჩახედონ საკუთარ ამომრჩეველს და აღიარონ, რომ ატყუებდნენ მათ წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ არასდროს ვატყუებთ ამომრჩეველს. ჩვენ ვამბობდით, თუ როგორი დამაჯერებელი იქნებოდა ჩვენი გამარჯვება და შედეგიც არის სახეზე. რაც შეეხება მათ პოზიციას, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა დაუპირისპირდე კონსტიტუციურ წყობილებას და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ შემთხვევაშიც მთელი რიგი ენჯეოები პოლიტიკურ, რადიკალურ პარტიებთან ერთად ოთხ წელიწადში უკვე მესამედ კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესწყობილებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, ეს არის იმედდაკარგული პოლიტიკოსების სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.