„ენჯეოები“ და პარტიები საუბრობენ, თითქოს პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით რაღაც დარღვევა ხდება. კითხვაზე კი, რა მტკიცებულებები აქვთ, პასუხობენ, რომ მტკიცებულებები სახელმწიფომ მოძებნოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პირდაპირ გამიზნული, ყალბი ანგარიშების შედგენის პროცესს აკვირდებიან რამდენიმე „არასამთავრობო ორგანიზაციის“ მხრიდან, რათა საქართველოში გადატრიალებისთვის საბაბი შექმნან.
„გასაკვირია, რომ უკვე გათელილ გზაზე დაიწყეს სიარული როგორც „ენჯეოებმა“, ისე ოპოზიციამ. ეს ერთი ფლანგია, 20 ოქტომბრის შემდეგ გაფორმდა ყველა ერთ პოლიტიკურ „ნაციონალურ მოძრაობად“. ვხედავთ, რომ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით იგივე მეთოდებია, რაც ჰქონდათ 2018 წელს, 2020, 2021 წელს. ამბობენ, თითქოს ვიღაცას პირადობის მოწმობას ართმევენ ან პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება. საქმე საქმეზე რომ მიდგა, 2018 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საია“ და „ისფედი“ იყვნენ მონაწილე, რომლებმაც ყალბი ახალი ამბავი შექმნეს, თითქოს პირადობის მოწმობები იბეჭდებოდა.
გახსოვთ ეკა გიგაურის მაშინდელი განცხადებები და პარტიული „ენჯეოების“ სხვა ლიდერების. საქმე საქმეზე როცა მიდგა და გამოძიება დაიწყო, ჩვენებები უნდა მიეცათ, უარი თქვეს ჩვენებების მიცემაზე, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რადგან არანაირი მტკიცებულება არ აქვთ და ასე ჰაერზე მოიფიქრებენ ხოლმე. ზუსტად იგივე განმეორდა 2020, 2021 წელს. სინამდვილეში, ზუსტად ამისთვის ემზადება ის ათასობით ე.წ. დამკვირვებელი, რომელსაც არეგისტრირებენ. ამ ადამიანების ფუნქცია იქნება პანიკის ატეხა საარჩევნო უბნებზე და ისტერიის შექმნა.
2021 წლის არჩევნების დღეს ვნახეთ, რომ პარტიები რაღაც პირადობის მოწმობების ფოტოს ავრცელებდნენ, თითქოს ყალბია და ჩვენ ყოველ საათში ერთხელ გვიწევდა ბრიფინგის ჩატარება, რათა ეს ყველაფერი გვემხილებინა, როგორც დეზინფორმაცია. დღესაც იმავეს ვხედავთ, საუბრობენ როგორც „ენჯეოები“, ისე პარტიები, თითქოს პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით რაღაც დარღვევა ხდება და ასე შემდეგ. ამას წინათ ვნახე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ჰკითხეს, მტკიცებულება რა გაქვთო? მტკიცებულებები ჩვენი საქმე არ არის, მტკიცებულებები სახელმწიფომ მოძებნოსო. პირდაპირ გამიზნული, ყალბი ანგარიშების შედგენის პროცესს ვაკვირდებით რამდენიმე „ენჯეოს“ მხრიდან, რათა საქართველოში გადატრიალებისთვის საბაბი შექმნან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.