ევროპას არ უხდება ის უსამართლობა, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისგან ასე ხშირად ვისმენთ, ევროპას არ უხდება ქრისტიანული დოგმების უარყოფა, ევროპას არ უხდება ლგბტ-პროპაგანდა, ევროპას არ უხდება გაუმჭვირვალობა და სხვისი სუვერენიტეტის უპატივცემულობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება მხოლოდ ღირსებით, ქრისტიანობის, ეკლესიისა და მორალის პატივისცემით, დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით.
„მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ – ეს არის პოლიტიკა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და ამისთვის მას კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენ ვივლით მხოლოდ მშვიდობით ევროპისკენ. მშვიდობის გარეშე არ არსებობს არც განვითარება და არც ევროინტეგრაცია. გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გავუძელით უმძიმეს ზეწოლასა და შანტაჟს და უდიდესი რისკების მიუხედავად, საქართველოს მშვიდობა შევუნარჩუნეთ. ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ჩვენ საქართველოს შევუნარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ახლაც, სწორედ „ქართული ოცნებაა“ იმის ერთადერთი გარანტი, რომ ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.