GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვართ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღის საქართველო, სადაც მამული, ენა, სარწმუნოება ქმნის ქართული ცნობიერების ჩარჩოს, 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ ბოროტებაზე სიკეთის, უღმერთობაზე რწმენის, არაქართულზე ქართულის ისტორიული გამარჯვება

ჩვენ ვართ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღის საქართველო, ილიას საქართველო, სადაც მამული, ენა, სარწმუნოება ქმნის ქართული ცნობიერების ჩარჩოს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ქართულ ცნობიერებასთან მებრძოლი ძალები საბოლოოდ დამარცხდნენ და განიარაღდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისში,  საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ჩვენ თვალწინ ადამიანური არსის გაქრობის უბოროტესი პროცესი მიმდინარეობს, გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ქართველების გამარჯვებით. 

„ჩვენ თვალწინ  ადამიანური არსის გაქრობის უბოროტესი პროცესი მიმდინარეობს. ყალბი პროგრესის მედროშეებმა ჩვენი ათასწლოვანი ისტორია წარსულს ჩააბარეს, რელიგია ფსევდოლიბერალიზმით ჩაანაცვლეს, სქესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, მართლმადიდებლობა კი განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორად გამოაცხადეს. 

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. ფსევდორელიგია იკავებს მედიას, სკოლებს, წალეკვით ემუქრება ჩვენს იდენტობას და თვითმყოფადობას. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის, და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

როგორც მან აღნიშნა, ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის ასე მკაფიო არასდროს ყოფილა და 26 ოქტომბერს საქართველო იზეიმებს ბოროტებაზე სიკეთის, უღმერთობაზე რწმენის, არაქართულზე ქართულის ისტორიულ გამარჯვებას. 

„ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ კი არა, მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდით, რომ მომავალი წლები იყოს არა ომისა და კონფრონტაციის, არამედ მშვიდობის, ეკონომიკური აღმავლობის და ქვეყნის გაერთიანების წლები. მეგობრებო, ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის ასე მკაფიო არასდროს ყოფილა. 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ ბოროტებაზე სიკეთის, უღმერთობაზე რწმენის, არაქართულზე ქართულის ისტორიული გამარჯვება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა