სანამ კონკრეტულ მონაცემებზე, ციფრებსა და საერთაშორისო რეიტინგებზე ვისაუბრებთ, ვახსენოთ ისიც, რაც შესაძლოა, ახალმა თაობამ არ იცოდეს, ან აფიქრებინონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასება გადაჭარბებულია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში, მიტაცებული იყო სახელმწიფო, მიმდინარეობდა ოპონენტების დევნა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.
„2003 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მართავდა გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი. ტერორი, ძალადობა, მკვლელობა, წამება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ბიზნესის რეკეტი ქვეყნის ყოველდღიურობა იყო. მიტაცებული სახელმწიფო, ბოლომდე ჩამკვდარი პოლიტიკური პროცესი, ოპონენტების დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება; წამების ინსტრუმენტად ქცეული მართლმსაჯულების სისტემა, ციხე, როგორც ჯოჯოხეთი; მონოპოლიზებული და პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებული მედია, პრეზიდენტს, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის წაშლილი ზღვარი.“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ამ კატასტროფული რეალობის ფონზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაინც შეძლო და გაცილებით უარესი გააკეთა, კერძოდ, ღალატი ჩაიდინა და 2008 წელს ქვეყანას ომი დაატეხა თავს.
„ასეთი კატასტროფული რეალობა სუფევდა საქართველოში წლების განმავლობაში, თუმცა, უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა გაცილებით, გაცილებით უარესიც გააკეთა – საკუთარი ხალხისა და ისტორიის წინაშე უპატიებელი ღალატი ჩაიდინა და 2008 წელს ქვეყანას ომის ტრაგედია დაატეხა თავს. სულ რამდენიმე დღეში, საქართველომ დაკარგა ასობით გმირი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამატებით, ტერიტორია – ასზე მეტი სოფელი და დასახლებული პუნქტი, ათეულ ათასობით ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ამას დაემატა ისიც, რომ პრაქტიკულად საომარი მოქმედებების პარალელურად, ჯერ წაგებული ომი აზეიმეს მოსახლეობას, შემდეგ კი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, საომარი მოქმედებების დაწყება აღიარეს.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ბოროტებისა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სჩადიოდა, თუმცა, მათი რეჟიმის შესაფასებლად, ესეც კმარა.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.