მშვიდობას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება, მით უფრო დღეს, როდესაც გარე თუ შიდა მტრები გამალებით ცდილობენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, თბილისში, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არა მხოლოდ დღევანდელ დღეს მშვიდობას იცავს, არამედ, ქვეყნის და მომავალი თაობის ნათელ მომავალს, რათა ვერავინ შეძლოს, ვიწროპარტიული ინტერესების გამო, საქართველო საბრძოლო პოლიგონად აქციოს.
„ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას – დღეს, არამედ ვიცავთ სიცოცხლეს და პერსპექტივას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ – ვერასდროს შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა თუ ვიწროპარტიული ინტერესების ასპარეზად აქციოს, რათა აღარასდროს მოგვიწიოს ქვეყნის 0-დან შენება და მომავალმა თაობებმა მაინც არ განიცადონ ის ტკივილი და სიმწარე, რაც ომს და ნგრევას ახლავს თან!“ – განაცხადა ივანიშვილმა.