ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, კონგრესმენი ჯერი კონოლი მიიჩნევს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესახებ საუბარი მხოლოდ მას შემდეგ ღირს, რაც უკრაინა თავისი ტერიტორიების სუვერენიტეტს აღიდგენს. ამის შესახებ კონოლიმ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კონოლის თქმით, უკრაინა ნატოში გაწევრიანების მიწვევას ამჟამად ვერ მიიღებს, რადგან ახლა ქვეყანაში ომი მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, ეს უნდა გადავწყვიტოთ, უნდა აღვადგინოთ უკრაინის სუვერენიტეტი მის ტერიტორიებზე და შემდეგ დავრწმუნდეთ, რომ გზა ნატოსკენ ღიაა“, – განაცხადა კონგრესმენმა.
მან აღნიშნა, რომ „უკრაინელების მხრიდან გარკვეული სიჩქარისა და მოუთმენლობის“ ესმის.
„მაგრამ, რა თქმა უნდა, გვაქვს რთული და ტრაგიკული სიტუაცია უკრაინის ტერიტორიაზე და ეს არის რუსული ჯარების იქ ყოფნა და რუსული ოკუპაცია. ეს უნდა მოგვარდეს“, – დასძინა კონოლიმ.
მისივე თქმით, ფიქრობს, რომ საუკეთესო ვარიანტი მთელი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა მაშინ, როდესაც დასავლელი ოფიციალური პირები უკრაინის გარკვეული ნაწილის ალიანსში გაწევრიანების საკითხს არასაჯაროდ განიხილავენ.
„მე ვიტყოდი, რომ ეს არის საუკეთესო გზა წინსვლისთვის. არის თუ არა ეს ერთადერთი გზა? – ალბათ, არა. ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი ექნება ამ ბრძოლას, მაგრამ ვიცით, რა შედეგის იმედი გვაქვს. სწორედ ამიტომ ნატომ და აშშ-ის მთავრობამ დიდი რესურსები გამოყო და პარტნიორობა დაამყარეს ჩვენს ძმებთან და დებთან უკრაინაში, რათა უზრუნველყონ, რომ ისინი მტკიცედ იდგნენ და დაიბრუნონ სრული სუვერენიტეტი მთელ თავიანთ ტერიტორიაზე“, – აღნიშნა კონოლიმ.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის იდეას განიხილავენ, ამის შესახებ მასთან არ უსაუბრიათ, რადგან ეშინიათ.
ხოლო ფრანგული გამოცემა Le Monde წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითზე რაიმე ფუნდამენტური წინააღმდეგობა აღარ აქვს.