GD Banner
საზოგადოება

ზღვისუბანში საქალაქო პარკი გაიხსნა [ფოტო

ზღვისუბანში საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაიხსნა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფდორმაციით, ღონისძიება ჯგუფმა „მიქსტურამ“ გახსნა და მსმენელს ცნობილი და ყველასთვის საყვარელი კომპოზიციები შესთავაზა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და ადგილობრივ მოსახლეობას საქალაქო მნიშვნელობის პარკის გახსნა მიულოცა.

„იხსნება საქალაქო მნიშვნელობის პარკი, რომელიც ყველაზე დიდი იქნება დედაქალაქში. მინდა, გავიხსენო, რა მდგომარეობა იყო, როდესაც რამდენიმე წლის წინ აქ მოვედით – იყო ანტისანიტარია, ჭაობი და ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ გავაშენებდით ყველაზე მაგარ, ყველაზე მწვანე რეკრეაციულ სივრცეს და დღეს უკვე ეს დაპირება შესრულებულია. გილოცავთ ყველას და ვუერთდები თქვენს სიხარულს. მინდა, წარმატებები გისურვოთ ყველას. ამ პროექტების განხორციელება მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანმა მშვიდობამ. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მშვიდობას და სიმშვიდეს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქალაქის მოვლას, აღმშენებლობას, აღორძინებას და დედაქალაქს კიდევ ბევრი ასეთი რეკრეაციული სივრცე შეემატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან მადლობა გადაუხადა მოსახლეობას, პროექტის შემსრულებლებს და პარკის გახსნის ღონისძიების მონაწილე ჯგუფს „მიქსტურას“.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე,  მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ასევე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები.

თბილისის მერიის ცნობით, მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდა, საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე თბილისში არ მოწყობილა.

„პარკი, შეიძლება ითქვას, დაჭაობებულ ნაგავსაყრელზე მოეწყო, რისთვისაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოები შეასრულა: პარკის მშენებლობამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომელიც გეოდეზიურ კვლევასაც მოიცავდა; 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი შეიცვალა  ბალასტით; მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინიფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების მოედანი, სკეიტპარკი; ასევე მოეწყო ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები; ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც პარკის მიმდებარე  სხვადასხვა მიკრორაიონს ერთმანეთთან აკავშირებს. გარდა ამისა, ორ ნაწილად გაყოფილი ტერიტორია დაკავშირებულია საფეხმავლო გვირაბითაც.

ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები და დაირგო 75 000 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე. სამუშაოების ღირებულება 39 280 534.68 ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,723 ნახვა