ამხელა ამბავია ატეხილი მთელს მსოფლიოში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ქართველ ხალხს იცავენ ხალხის არჩეული ხელისუფლებისგან. იცავენ ორი რაღაცის გამო – გამჭვირვალობის კანონის გამო და მეორე საკითხია – არჩევნები გაყალბდება თუ არა. ორივეზე „ოცნებას“ აბრალებენ იმას, რაც არ დაუშავებია, ანუ ამბობენ, რომ მომავალში გააფუჭებსო, – განაცხადა „იმედი LIVE“-ში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ მთავარი ნარატივი, რომ გამჭვირვალობის კანონი ბოროტად იქნება გამოყენებული – მკვდარია. რუხაძე იმედოვნებს, რომ ამას ქართული საზოგადოება ხედავს.
„ჩვენ 6 თვის წინ ელჩებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც ყველა ტელევიზია თუ მედიაორგანიზაცია ამბობდა – ამ კანონს რომ მიიღებენ, მას შემდეგ ჩვენ არცერთი აქ აღარ ვიქნებით. მე მაშინ ვთქვით, რომ ეს ასე არ არის, აღვნიშნე, რომ ამ რეესტრში შეიძლება მეც მომიწიოს დარეგისტრირება და ასეთი ეჭვი მაქვს, რომ როგორც მე, ასევე თქვენც აქ ისხდებით-თქო. გუშინ მივედით ისევ, კანონი ორი თვეა მიღებულია და ისევ ყველანი იქ სხედან. გავახსენე – ხომ გეუბნებოდით-მეთქი. ერთმა თქვა, რომ მე საერთოდ არ დავრეგისტრირდიო. ვინმე მივიდა, თავში ჩაარტყა, გამოთიშეს? ანუ, „ოცნებას“ ეს კანონი არ გამოუყენებია იმისთვის, რასაც აბრალებდნენ, არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა. კანონი, რის გამოც ჩვენ უნდა დაგვასანქცირონ, ვიზები წაგვართვან, არის იმიტომ, რომ ცუდად შეიძლება მოვიქცეთ მომავალში, ჯერ არ მოვქცეულვართ. საუბარია იმაზე, რომ „ოცნება“ აუცილებლად გააყალბებს არჩევნებსო. გუშინდელ შეხვედრაზე ამაზეც იყო საუბარი, სადაც „ენჯეოები“ და საელჩოებიც იყვნენ. მე ვუთხარი – ეს ხალხი სააკაშვილი ხომ არაა, რომელმაც რამდენჯერმე გააყალბა არჩევნები. ეს ხალხი 12 წელი აქ არის, ამდენი ხნის განმავლობაში თუ არ გაუყალბებიათ, ასე დაბეჯითებით როგორ ამბობთ, რომ გააყალბებენ-თქო? ამიტომ „ქართულ ოცნებას“ ახლა სჯიან იმის გამო, რაც მას ჯერ არ გაუკეთებია. კანონი შემოვიდა, არაფერი მომხდარა ცუდი, მაგრამ ნამდვილად მოხდება მომავალში და ნამდვილად გააყალბებენ არჩევნებს – ეს აქვთ დახვეული ხელზე. იმედია ქართველი ამომრჩეველი ამას დაინახავს, რომ „ოცნების“ წინააღმდეგ მათი მთავარი ნარატივი რაც იყო, ეს ნარატივი მკვდარია, რადგან კანონი მიღებულია და არავის არ შეეხნენ, არ აპირებენ, რომ საქართველო ტელევიზიებისა და „ენჯეობის“ გარეშე დატოვონ და გააყალბებენ თუ არა არჩევნებს, ვნახავთ. თუ 30-ჯერ არ გააყალბეს, რატომ ჩათვალეს, რომ აპრიორი 31-ე ჯერზე გაგიყალბებს?!“, – აღნიშნა რუხაძემ.