თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი გააჩერებს – 5 დღეში ჩვენ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით გავუშვებთ იქ, სადაც მათი ადგილია, რუსეთისკენ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მარჯანიშვილის მოედანზე მარშის სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ადამიანს გააგონონ ხმა, რომელიც დღეს კიდევ ორჭოფობს მივიდეს, თუ არა არჩევნებზე.
„თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი ვერ გააჩერებს. „რუსული კანონებით“ და ყველა იმ ქმედებებით, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ – რუსულმა ხელისუფლებამ საქართველოში გზა ქართველი ხალხის ნებას გადაუკეტა, ეს არ გაუვა. სულ 5 დღე დარჩა. ეს ქვეყანა, იმ გზას დაადგება, რაც ჩვენი ეროვნული არჩევანია და ეს არის ევროპული არჩევანი, ეს არის კონსტიტუციით გამაგრებული ხალხის არჩევანი და სწორედ, ეს არის ხალხის გამოხატულება, რასაც ახლა თქვენ ხედავთ.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ადამიანს ხმა გავაგონოთ, რომელიც დღეს კიდევ ორჭოფობს მივიდეს, თუ არა არჩევნებზე. მათ უნდა დაინახონ, რომ მათი შვილების, ოჯახის წევრების ბედი და ასევე, შემოსავალი, კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ისინი არჩევნებზე მივიდნენ და ხმა განსხვავებას მისცენ. აუცილებელი არ არის ხმა ჩვენ მოგვცენ, მაგრამ აუცილებელია ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცენ. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის გასაშვები და ეს ქვეყანა კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს, თუ ჩვენ გვინდა ძალიან სწრაფი ნაბიჯებით პროგრესისკენ წავიდეთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.