GD Banner
ჯანდაცვა

ირაკლი კობახიძე – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 3 მილიონ 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, 13 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა დაფინანსდა და ჯამური დაფინანსება 8,5 მილიარდი ლარია, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში 35 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრისით

x

ჯანდაცვა არის ერთ-ერთი მიმართულება, რითაც განსაკუთრებულად ვამაყობთ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რითაც შეიძლება თავი მოვიწონოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამით ამ წლების განმავლობაში უკვე 3 მილიონ 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, 13 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა დაფინანსდა და ჯამური დაფინანსება, რაც ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, 8,5 მილიარდი ლარია.

„ასევე გვაქვს უამრავი ახალი მიზნობრივი პროგრამა ჯანდაცვაში, მთლიანობაში 100-მდე პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი ჯგუფებისთვის. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანაა. თბილისს სჭირდება ახალი, უმაღლესი სტანდარტების რესპუბლიკური საავადმყოფო და ის აუცილებლად აშენდება. უახლოეს მომავალში გვექნება ამ საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაცია. რაც შეეხება შედეგებს, რომელიც გვაქვს ჯანდაცვაში ჩადებული ინვესტიციებიდან, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72-დან 75 წლამდე გაიზარდა, გაზრდილია სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ზუსტად 5-ჯერ შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფინანსების არარსებობის გამო ვერ ახერხებენ, მიმართონ ჯანდაცვის დაწესებულებებს. რეალურად, ხუთჯერ არის გაზრდილი ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე. ბიუჯეტის მონაცემებიც შთამბეჭდავია. 2 მილიარდზე ნაკლები იყო გამოყოფილი ბიუჯეტში ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, ეს იყო ბიუჯეტის 21.6%, ბიუჯეტი ისედაც მწირი იყო და აქედანაც მხოლოდ 21.6% იყო გამოყოფილი ჯანდაცვასა და სოციალურ დანახარჯებზე.

2024 წელს უკვე თითქმის 8 მილიარდ ლარს შეადგენს დანახარჯები და ბიუჯეტის საერთო მოცულობასთან მიმართებით 27%-ს აღემატება სოციალური ბიუჯეტის მოცულობა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს უკვე იმას, რომ ზღვარზეა ჩვენი სოციალური დანახარჯები. ამის იქით სოციალური ხარჯების გაწევა ნიშნავს იმას, რომ უნდა დავაწვეთ ზედმეტად ეკონომიკას, ეკონომიკურ ზრდა უნდა შევაფერხოთ. ეს არის ოპტიმალური მაჩვენებელი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ზრდა ზოგადად გაგრძელდება ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ მათ შორის სოციალური დახმარებების და პენსიებისთვის, 2012 წელს მთლიანობაში გამოყოფილი იყო 1.7 მილიარდი ლარი, 2024 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 6 მილიარდ ლარს შეადგენს და ზრდა გაგრძელდება.

„რაც შეეხება უშუალოდ სოციალურ დახმარებას, 276 მილიონი იყო გამოყოფილი, აქ შეგახსენებთ, რომ არანაირი ობიექტური კრიტერიუმები არ არსებობდა სოციალური შემწეობის დახმარების გამოყოფისთვის. არსებითად საარჩევნო მიზნებზე იყო ხოლმე მორგებული შესაბამისი დახმარების განაწილება. ჩვენ, გარდა იმისა, რომ რამდენჯერმე გავზარდეთ შესაბამისი ბიუჯეტი, ამასთან ერთად შემოვიღეთ ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ხდება სოციალური დახმარების განაწილება მოსახლეობაზე. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ზრდამ მოგვცა კონკრეტული დაფინანსების ზრდის საშუალება, მაგალითად შშმ პირთა სოციალური პაკეტი მნიშვნელოვნად/მკვეთრად გამოხატული შშმ პირების შემთხვევაში 2012 წელს იყო 70 და 100 ლარი შესაბამისად და ეს მაჩვენებელი გაიზარდა 195 და 390 ლარზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, 2012 წლამდე პრაქტიკულად ჩავარდნილი იყო დევნილების საცხოვრისით უზრუნველყოფის სფერო. „2012 წლამდე თითქმის არაფერი გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ 2008 წლის ომის შემდეგ გრანტით და სესხით აშენებულ საცხოვრებლებს, რომლებიც აშენდა ცხინვალიდან დევნილებისათვის. რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების პერიოდს, 35 000 ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრისით 2012-2024 წლის განმავლობაში. დევნილების საერთო რაოდენობა არის დაახლოებით 75 000 ოჯახი, შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მხოლოდ მიმდინარე პროექტების ფარგლებში, 6 000 ოჯახი მიიღებს დამატებით ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,053 ნახვა