GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ზურაბიშვილი დადგა არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის, არამედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც მეტყველებს, რა ძალების მიერაა მართული

სალომე ზურაბიშვილი დადგა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც არავის უკვირს. ის მთლიანად არის მიერთებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება ფსევდოლიბერალური პროპაგანდა – ეს არის რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს“, კიდევ ერთხლ მეტყველებს ზურაბიშვილის პოლიტიკურ არჩევანზე.

„ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების დაცვის მხარეს, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ დადგა სწორედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა და რა ძალების მიერ არის მართული სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც: „გერმანიის საელჩო ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, რა შეხვედრებს მართავს სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში. არის თუ არა მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, გერმანიის კონსტიტუციის დარღვევა დაფიქსირდეს ზურაბიშვილის მხრიდან“.

„გერმანელებს მკაცრი მიდგომა აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, გერმანიაში იკრძალება უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ აგიტაციის ჩატარება. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა აირიდა თავიდან გერმანულმა მხარემ, რაც უკვე კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ყველას, რომ თავად გერმანელებს საკუთარი სამართლებრივი აქტებით აკრძალული, შეზღუდული აქვთ შესაბამისი საგანგებო თანხმობის გარეშე იმის დაშვება, რომ ვიღაცამ გერმანიის ტერიტორიაზე ჩაატაროს საარჩევნო აგიტაცია. ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივისმცემლობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,935 ნახვა