ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვით, აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.
ეკონომისტის შეფასებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა ადეკვატურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაშიც. ასევე, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორსაც. მისივე თქმით, პოზიტიური ტენდენციები ძლიერდება შრომის ბაზარზეც. – ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის ზრდაზე უფრო სწრაფად იზრდება ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა გრძელდება უმუშევართა აბსოლუტური რაოდენობისა და უმუშევრობის დონის შემცირება.
„2024 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად ქვეყნის შიდაპოლიტიკური სტაბილურობისადმი სერიოზული გამოწვევებისა და მაღალი გეოპოლიტიკური რისკების შენარჩუნების პირობებში, აგრძელებდა დინამიურ ზრდას – საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის აგვისტოში გაიზარდა 12.0 პროცენტით, ხოლო პანდემიამდელი 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით – 36.8 პროცენტით. შედარებისათვის: მსოფლიო ეკონომიკა 2024 წელს გაიზრდება 2019 წელთან შედარებით 14.2%-ით, ევროკავშირის ეკონომიკა – 5.3%-ით, აშშ ეკონომიკა კი – 8.5%-ით.
მაღალი ეკონომიკური ზრდა ადეკვატურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაშიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2022 წელს 2019 წელთან შედარებით მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ (მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით) გაიზრდება: საქართველოში – 3.9 ათასი აშშ დოლარით, აშშ-ში – 3.1 ათასი აშშ დოლარით, ხოლო ევროკავშირში – მხოლოდ 2.3 ათასი აშშ დოლარით. აღნიშნულის გამო ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკური ჩამორჩენა (მშპ მოსახლეობის ერთ სულზე) აშშ-სთან შემცირდა 4.7 პუნქტით, ხოლო ევროკავშირთან – 6.6 პუნქტით. აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან ინფლაციამ 1.0 პროცენტი შეადგინა, რაც საგრძნობლად ნაკლებია აშშ-ის (+2.5%) და ევროკავშირის (+2.2%) ანალოგიურ მაჩვენებლებზე. ამასთან, პირველად 2020 წლის შემდეგ, 2024 წლის ზაფხულის სამივე თვე საქართველოში დეფლაციური იყო.
305 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან, საიდანაც იანგარიშება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია), 2024 წლის აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ფასების დონე შემცირდა 121 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე, რაც 12-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ფასები 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით შემცირდა 109 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე). აგვისტოში ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 183 ერთეული, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა თვის ბრუნვამ – 14.5 მლრდ. ლარი (+14.2%) შეადგინა. ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორსაც. – აგვისტოში საქართველოს ექსპორტმა 641.7 მლნ. აშშ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30.1 პროცენტით აღემატება (რუსეთის გარეშე ექსპორტის ზრდის ტემპი 31.0% შეადგინა). ექსპორტის საშუალო-სადღეღამისო მოცულობა 2024 წლის აგვისტოში 4.8 მლნ. აშშ დოლარით აღემატებოდა ერთი წლის წინანდელს. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოს ექსპორტი დაახლოებით 12-ჯერ, ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე – 2.7-ჯერ გაიზარდა, მაშინ როდესაც ქვეყნის ეროვნული პროდუქტი გაიზარდა, შესაბამისად, 2.6-ჯერ და 1.5-ჯერ. მესამე თვეა, ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტემპი აღემატება 100 პროცენტს – მისი მოცულობამ აგვისტოში წინა წლის აგვისტოს მაჩვენებელს 20 პროცენტით გადააჭარბა და 238.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ექსპორტის მთლიანი მატების 27.7 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივი ექსპორტის მატებაზე და 72.3 პროცენტი – რეექსპორტის ზრდაზე, რაც ცალსახად ადასტურებს საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო და ზოგადად, ეკონომიკური ფუნქციის მნიშვნელოვან ზრდას.
რეექსპორტის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 2024 წლის აგვისტოში რეკორდულად მაღალ 62.8 პროცენტს მიაღწია. აგვისტოში ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 43.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში – 37.2 პროცენტი. აგვისტოში განსაკუთრებული დინამიზმით გამოირჩეოდა მსუბუქი ავტომობილების (რე)ექსპორტი, რომელიც გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 95.8 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა (+50.3%) და მთელი რეექსპორტის მატების 87.7 პროცენტი უზრუნველყო. უცხოეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილებმა, 2024 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის თვესთან, ბოლო 16 თვის მანძილზე (2023 წლის აპრილის შემდეგ) პირველად გადააჭარბა წინა წლის შესაბამისი თვის ანალოგიურ მაჩვენებელს და 290.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა 100.3%). ეს იმ დროს, როდესაც გრძელდებოდა რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული გზავნილების შემცირება (2024 წლის აგვისტოში 18.0 მლნ. აშშ დოლარით, ანუ 29.7%-ით ნაკლები წინა წლის აგვისტოსთან შედარებით). ამასთან, დანარჩენი მსოფლიოდან (რუსეთის გარდა) ტრანზაქციები განაგრძობს ზრდას და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა საგრძნობი მატება (+8.3%).
აღნიშნულის გამო რუსეთის წილი განაგრძობს შემცირებას საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებში: 2024 წლის აგვისტოში ერთი წლის წინანდელთან შედარებით იგი შემცირდა 20.9 პროცენტიდან 14.6 პროცენტამდე. ამჟამად რუსეთიდან წმინდა ტრანზაქციებს ტრანზაქციები პირველ ადგილზე მყოფი აშშ-დან აღემატება 28.6 პროცენტით, ხოლო იტალიიდან – 18.2 პროცენტით. პოზიტიური ტენდენციები ძლიერდება შრომის ბაზარზეც. – ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის ზრდაზე უფრო სწრაფად იზრდება ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა (როგორც დაქირავებით დასაქმებულთა, ისე თვითდასაქმებულების), გრძელდება უმუშევართა აბსოლუტური რაოდენობისა და უმუშევრობის დონის შემცირება. მარტო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობისა და მათი საშუალო ხელფასის ზრდის ხარჯზე ქვეყანაში ხელფასის ფონდი, მხოლოდ ერთ თვეზე გაანგარიშებით, გაიზარდა საქართველოს 10 ათასამდე შინამეურნეობის მთლიანი წლიური შემოსავლის ეკვივალენტური თანხით. დინამიური ეკონომიკური ზრდა, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება და დაბალი ინფლაცია განაპირობებს მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებთან საქართველოს ჩამორჩენის აბსოლუტური და შეფარდებითი მასშტაბების დაჩქარებული შემცირების პროცესს. აღნიშნულ ვითარებას ადეკვატურად აფასებენ საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტებიც, რომლებმაც საქართველოს მზარდი ეკონომიკური პოტენციალისა და ინსტიტუციური მდგრადობის გათვალისწინებით, წლის დასაწყისთან შედარებით ერთი-მეორეს მიყოლებით გაზარდეს ჩვენი ქვეყნის 2024 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო პარამეტრები.“-წერს სოსო არჩვაძე.