უკრაინელთა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რეესტრში რუსეთის აგრესიული ომის შედეგად 55 000 ადამიანია აღრიცხული, რომელთა უმეტესობაც სამხედრო მოსამსახურეა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლეონიდ ტიმჩენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, პერიოდულად ამ სიაში მყოფების გარდაცვალების ფაქტი დგინდება.
„ეს ციფრი საკმაოდ დინამიკურია. როდესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელს ადგენენ, ზოგ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ მოქალაქე, მაგალითად, ტყვეობაშია,“ – განაცხადა ტიმჩენკომ
ერთიანი რეესტრი, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეთა შესახებ მონაცემების შეტანა დაიწყეს, უკრაინაში 2023 წლის მაისში ამოქმედდა. მაშინ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ განაცხადა. 2024 წლის ივლისში სამინისტრომ მონაცემები განაახლა და განაცხადა, რომ რეესტრში 42 ათასი უკრაინელია შეყვანილი.